ვაკის გამგებლის მოადგილე ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით დააკავეს

© Pixabay / 4711018დაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
თეიმურაზ ჩოჩუა უცხოელ ბიზნესმენს 250 ათასი ლარის სანაცვლოდ აუქციონის გზით საკრებულოს ყოფილი შენობის შესყიდვაში დახმარებას დაჰპირდა.

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩოჩუა დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ეროვნული ვალუტა ლარი - Sputnik საქართველო
სუსი: წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარემ ქრთამის სახით 250 ათასი ლარი აიღო

როგორც გამოძიებით დადგინდა, თეიმურაზ ჩოჩუამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილს დააკავშირა უცხოელი ბიზნესმენი, რომელიც ქალაქ წყალტუბოში მდებარე საკრებულოს ყოფილი შენობის შესყიდვით იყო დაინტერესებული.

ივანეიშვილი სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე 25 იანვარს, საკრებულოს სხდომაზე დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, დანაშაულის შენიღბვის მიზნით გრიგოლ ივანეიშვილმა უცხოელ ბიზნესმენთან გააფორმა ფიქტიური სესხის ხელშეკრულება და ამ უკანასკნელს 250 ათასი ლარი თავისი შვილის ანგარიშზე ჩაარიცხვინა. ივანეიშვილი სწორედ ამ გადარიცხვის შემდეგ დააკავეს.

„გრიგოლ ივანეიშვილი უცხოელ ბიზნესმენს აღნიშნული შენობის წინასწარ შეთანხმებულ ფასად აუქციონზე გატანას და აღნიშნული აუქციონის გზით ხსენებული ქონების შესყიდვაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 250 000 ლარის გადახდა მოსთხოვა“, - ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, თეიმურაზ ჩოჩუამ გრიგოლ ივანეიშვილს დახმარება გაუწია თანხის გადახდის გარანტად, უცხოელი ბიზნესმენის მიერ დაფუძნებული კომპანიის 16%-იან წილის ივანეიშვილის ნდობით აღჭურვილი პირის საკუთრებაში გადაცემასა და 250 000 ლარის ქრთამის სახით აღებაში.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 25-338-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0