სუსი: წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარემ ქრთამის სახით 250 ათასი ლარი აიღო

© Sputnik / Alexander Imedashviliეროვნული ვალუტა ლარი
ეროვნული ვალუტა ლარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დანაშაულის შენიღბვის მიზნით გრიგოლ ივანეიშვილმა უცხოელ ბიზნესმენს 250 ათასი ლარი თავისი შვილის ანგარიშზე ჩაარიცხინა.

თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს, აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს წარმომადგენლებმა გრიგოლ ივანეიშვილს დღეს ხელბორკილები პირდაპირ საკრებულოს სხდომაზე დაადეს.

უწყების ცნობით, ივანეიშვილი უცხოელ ბიზნესმენს ქალაქ წყალტუბოში მდებარე საკრებულოს ყოფილი შენობის წინასწარ შეთანხმებულ ფასად აუქციონზე გატანას და აღნიშნული აუქციონის გზით ხსენებული ქონების შესყიდვაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 250 ათასი ლარის გადახდა მოსთხოვა.

ქრთამის აღების ფაქტზე მცხეთის მერის წარმომადგენელი დააკავეს>>

ამასთან, გრიგოლ ივანეიშვილის ინიციატივით, ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის გადახდის გარანტად უცხოელმა ბიზნესმენმა მისი კუთვნილი ფირმის 16%-იანი წილი გადაუფორმა ივანეიშვილის ნდობით აღჭურვილ პირს.

„2018 წლის 26 დეკემბერს თვითმმართველმა ერთეულმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი ქალაქ წყალტუბოში, შანიძის ქუჩა N1-ში მდებარე შენობა-ნაგებობის და მიწის ნაკვეთის შესყისდვასთან დაკავშირებით, რომელშიც მონაწილეობა მიიღო უცხოელმა ბინზესმენმა და გრიგოლ ივანეიშვილის დახმარებით შეძლო აღნიშნული შენობის და მიწის ნაკვეთის წინასწარ შეთანხმებულ და ხელსაყრელ ფასად შეძენა", – აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, დანაშაულის შენიღბვის მიზნით გრიგოლ ივანეიშვილმა უცხოელ ბიზნესმენთან გააფორმა ფიქტიური სესხის ხელშეკრულება და ამ უკანასკნელს 250 ათასი ლარი თავისი შვილის ანგარიშზე ჩაარიცხინა.

საკანი - Sputnik საქართველო
სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი პასუხისგებაში მისცეს

გადარიცხვის შემდეგ, 2019 წლის 25 იანვარს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

გრიგოლ ივანეიშვილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ 2017 წლის ნოემბერში აირჩიეს. 1994–2005 წლებში იგი მუშაობდა წყალტუბოს ჰუმანიტარულ–ეკონომიკური ინსტიტუტის რექტორის თანამდებობაზე. 2006 წლიდან არის აკ.წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის კათედრის ასოცირებული პროფესორი.

ყველა ახალი ამბავი
0