თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის მსვლელობისას მომხდარი ჩხუბის მონაწილეებს და თვითმხილველებს კითხვებს სასამართლოში დაუსვამენ, ნათქვამია საქართველოს შსს-ს განცხადებაში.
საქართველოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 10-13 იანვარს თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართა. ფინალური ორთაბრძოლისას, როდესაც რობერტ ქობლიაშვილი და ზურაბ დათუნაშვილი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, მსაჯმა ქობლიაშვილს ერთი ქულა მისცა, რამაც მეტოქის უკმაყოფილება გამოიწვია. ვითარება დაიძაბა გულშემატკივართა შორისაც, გადაიზარდა შეხლა-შემოხლაში, რომლის დროსაც დათუნაშვილი დაშავდა. ამასთან, ქობლიაშვილი 87 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონი გახდა.
გასულ შაბათს ტელეკომპანია Rustavi2-მა გამოაქვეყნა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე სახეში ურტყამს დათუნაშვილს ჯერ, როგორც ტელეწამყვანი ამტკიცებს, რკინის ჯაჭვით, შემდეგ კი – მუშტებით. სპორტსმენები გააშველეს. შსს მომხდარს იძიებს "ძალადობის" მუხლით.
„ვინაიდან მათ ინფორმაციის ნებაყოფლობით მოწოდებაზე და გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადეს, მათი გამოკითხვა მოხდება სასამართლო წესით. გამოყენებული იქნება კანონით განსაზღვრული ყველა ბერკეტი ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად", – ციტირებს ტელეკომპანია Imedi შსს-ს განცხადებას.
მომხდარს გამოეხმაურა თავად დათუნაშვილიც. მან თავის Facebook-გვერდზე მიმართა მოჭიდავეებს და დახმარება სთხოვა, მოუწოდა მათ, მოითხოვონ გეგეშიძის გადადგომა.
„ჭიდაობის მთელ ოჯახს მოვუწოდებ, დავდგეთ ერთად და მოვითხოვოთ – ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ დატოვოს თანამდებობა, რათა ჭიდაობა დაუბრუნდეს ისევ ჩვენ სამყაროს და გათავისუფლდეს იმ გაურკვეველი ჯგუფისგან, რომელიც დიქტატურული მეთოდებით მართავს მას", – დაწერა დათუნაშვილმა.
Rustavi2, თავის მხრივ, ამტკიცებს, რომ პოლიცია არაფერს აკეთებს და სპორტსმენის ცემის ფაქტს სათანადოდ არ იძიებს. ტელეარხის აზრით, ხელისუფლების პასიურობა იმით აიხსნება, რომ გეგა გეგეშიძე არის მოჭიდავე ვლადიმერ გეგეშიძის ძმა, რომელიც 2016 წლის მაისში სოფელ კორცხელში ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრების ცემაში მონაწილეობდა.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 2018 წლის აგვისტოში გეგეშიძე დამნაშავედ ცნო ოპოზიციონერების ცემაში და 7 ათასი ლარით დააჯარიმა. ტელეარხის ინფორმაციით, ვლადიმერ გეგეშიძე იმ ბანდის წევრია, რომელსაც ხელისუფლება პოლიტიკური ოპონენტების შესაშინებლად იყენებს.
თბილისში დაჭრეს ევროპის ორგზის ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში>>
ამასთან, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ცნობილი მოჭიდავე დათუნაშვილი სკანდალის ცენტრში ექცევა. 2017 წლის მაისში ის თბილისის ერთ-ერთ ღამის კლუბში დანით დაჭრეს. მან საავადმყოფოში სამი დღე დაჰყო.