თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ქართველმა სპორტსმენებმა ნუგზარ წურწუმიამ და ზვიად პატარიძემ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე (U-23) ოქროს მედლები მოიპოვეს. ჩემპიონატი ამ დღეებში ბუქარესტში (რუმინეთი) მიმდინარეობს.
ფინალურ შეხვედრაში 55 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში წურწუმიამ ვიტალი კაბალოევი (რუსეთი) დაამარცხა 3:2, ხოლო პატარიძემ (-130) – ოსმან ილდირიმი (თურქეთი) 6:5.
აღსანიშნავია, რომ პატარიძემ შეუძლებელი შეძლო. ფინალურ სასტვენამდე სამი წუთით ადრე ქართველი მოჭიდავე თურქ სპორტსმენთან 0:5 აგებდა, მაგრამ თავისი აქტიური მოქმედებებითა და მეტოქის პასიურობით ზედიზედ ექვსი ქულა მოიპოვა.
საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედლის მიღების შანსიც ჰქონდა, მაგრამ ბაკურ გოგოლმა (-77) რუს ისმაილ საიდხასანოვთან 1:6 წააგო.
ტურნირის მეორე დღეს ქართველ მოჭიდავეებს ჩემპიონის კიდევ ორი ტიტულის მოპოვების შანსი აქვთ. 72 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში რამაზ ზოიძე თურქ ჩენგიზ არსლანს შეხვდება, ხოლო გელა ბოლქვაძე (-82) რუმინელ ნიკუ ოჟოგთან იასპარეზებს.
ამას გარდა გიორგი მელიას (-97) ქვეყნისთვის ბრინჯაოს მოტანა შეუძლია.
ახალგაზრდული ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ბუქარესტში 14 ნოემბერს დამთავრდება. 16 ნოემბრიდან კი ასპარეზი თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს დაეთმობათ.