თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. ყაზახეთში ყარაგანდის სასამართლოში უჩვეულო საქმეს განიხილავენ – განსასჯელის სკამზე ათი ადამიანი ზის, გამოძიება წელიწად-ნახევარი გაგრძელდა, იუწყება „Sputnik-ყაზახეთი".
პროკურორების ვერსიით, 2017 წლის გაზაფხულზე ოთხმა მამაკაცმა ფინანსური მაქინაციებით „ფულის შოვნა" გადაწყვიტა. ერთ-ერთი უცხოური ბანკებიდან ყაზახეთის ფირმების ანგარიშებზე ფულის გადმორიცხვის წინადადებით გამოვიდა. რადგან მამაკაცებს ამ საქმისა არაფერი გაეგებოდათ, ჰაკერის დაქირავება გადაწყვიტეს.
მათ სპეციალისტი საქართველოში იპოვეს. ლევან ცისკარიშვილი ალმათში ჩაფრინდა. დამქირავებლებთან შეხვედრისას ჰაკერმა მათ უთხრა, რომ აქვს სერტიფიკატი 24,5 მილიონ ამერიკულ დოლარზე.
ცისკარიშვილი ამტკიცებდა, რომ ეს ფული არალეგალურად, მაქინაციების მეშვეობით ჯერ კიდევ 2014 წელს მიიღო. ფული ჰონგ-კონგში ანგარიშზე იდო, მაგრამ მისი მოხსნა მხოლოდ ნაწილ-ნაწილ შეიძლებოდა. პროგრამისტმა თავისი პირობა წაუყენა: თანხის 25 პროცენტს დედას გადაურიცხავდა საბერძნეთში, დანარჩენ თანხას კი ყაზახეთში ფირმის ანგარიშზე გადმორიცხავდა, რომელსაც საქმის თანამონაწილეები გაიყოფდნენ.
შემდგომ მოვლენებში ჩართული სულ უფრო მეტი ადამიანი აღმოჩნდა.
ჰაკერი ყაზახეთში ჰონგ-კონგიდან ფულის გადმორიცხვას სამი კვირა ცდილობდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. შემდეგ მან განაცხადა, ვინმე უნდა წასულიყო ჩინეთში. ბანკში უნდა წასულიყო ან თვითონ ცისკარიშვილი, ან მისი ნდობით აღჭურვილი პირი.
ჩინეთში ერთ-ერთი თანამზრახველი გაემგზავრა, მაგრამ ის იქ დააკავეს.
ის ბანკში ყალბი სერტიფიკატის გამო დააკავეს. როგორც აღმოჩნდა, სერტიფიკატი სტანდარტებს არ შეესაბამებოდა, ხოლო აღნიშნული თანხა არ არსებობდა, აღნიშნავენ პროკურატურაში.
დაკავების შემდეგ თანამონაწილე დაუკავშირდა თავის მეგობრებს და აუხსნა, თუ რა მოხდა. მათ გადაწყვიტეს, რომ ცისკარიშვილმა ისინი მოატყუა. ჰაკერი ყარაგანდაში გადაიყვანეს და დაქირავებულ ბინაში გამოამწყვდიეს, მისცეს ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი. ჩამოართვეს დოკუმენტები, მიუჩინეს მცველები. ამის შემდეგ დაიწყეს მისი ცემა, ფსიქოლოგიური ზეწოლა და ითხოვდნენ, რომ ფული ნებისმიერი საშუალებით გადმოერიცხა.
თანამზრახველები ასევე დაუკავშირდნენ ცისკარიშვილის დედას ვიდეოთვალის მეშვეობით და მას ორი ათასი ევრო მოსთხოვეს. ქალმა მხოლოდ 100 ევროს გამოგზავნა მოახერხა. ამის შემდეგ მათ ცისკარიშვილი უფრო იაფფასიან ბინაში გადაიყვანეს. ის მუდმივი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა, გამუდმებით სცემდნენ. ის დამოკიდებული გახდა თავის დამქირავებლებზე, არ ჰქონდა ფული და ბინიდან გასვლის საშუალება.
ცისკარიშვილმა გაქცევა 14 ივნისს მოახერხა. იმალებოდა ორი კვირის განმავლობაში. 1 ივლისს ის იპოვეს.
ჰაკერმა მაინც ვერ მოახერხა ფულის გადარიცხვა. გამოძიების ვერსიით, მაშინ უკვე მისი მოკვლა გადაწყვიტეს; დამნაშავეებს ეშინოდათ, რომ ცისკარიშვილი მათ პოლიციაში დაასმენდა. მათ ის სარდაფში ჩაიყვანეს და ლითონის მილით სიკვდილამდე სცემეს.
ცხედარი შეახვიეს ზეწარში, შეკრეს სკოჩით და ავტომობილის საბარგულით ქალაქიდან გაიტანეს. ცხედარს დაასხეს ბენზინი, შემოულაგეს საბურავები და ცეცხლი წაუკიდეს. ცეცხლში ჩაყარეს ასევე ცისკარიშვილის პირადი ნივთები. ცხედრის ნარჩენები დამარხეს.
სასამართლოზე ყველა განსასჯელმა განაცხადა, რომ ბრალს არ აღიარებს. დაზარალებულად დაღუპულის დედა ცნეს, მაგრამ სხდომაზე ის ვერ გამოცხადდა, რადგან საზღვარგარეთ ცხოვრობს.