თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში, სადაც გუშინ 40 წლამდე ასაკის ქალი გარდაიცვალა, კარანტინი გამოცხადდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ნინო ლეფსაიას განცხადებაზე დაყრდნობით.
გორში 22 წლის გოგო, სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით გარდაიცვალა>>>
საქართველოში, ბოლო მონაცემებით, გრიპის ვირუსის 162 შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული, გარდაცვლილია 10 ადამიანი, მათ შორის არის ე.წ. ღორის გრიპის ვირუსით (H1N1) გარდაცვალების ფაქტებიც.
ფოთის კლინიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში პაციენტი 3 იანვარს მწვავე რესპირატორული ინფექციის სიმპტომებით და პნევმონიით მოათავსეს. ექიმების თქმით, 40 წლამდე ასაკის ქალს ყველა შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
„კარანტინის გამოცხადების გადაწყვეტილება მას შემდეგ მივიღეთ, რაც ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა, თუმცა ლაბორატორიულად გამოკვლეული არ არის და ვერ გეტყვით, რომ ეს იყო H1N1 ვირუსი. იგი მწვავე პნევმონიით დაიღუპა. ამ ეტაპზე ქალაქში მდგომარეობა სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება", –
ამ დროისთვის ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში რესპირატორული ინფექციის სიმპტომებით 11 პაციენტი მკურნალობს. ექიმების შეფასებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
გრიპის ვირუსის გააქტიურების გამო კარანტინი გამოცხადდა რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში, მცხეთის სამედიცინო ცენტრსა და ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოშიც.
ქვეყანაში გრიპის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი შემცირდა. კერძოდ, გრიპის სტატისტიკა წინა კვირის მონაცემებთან შედარებით 21 ერთეულით ნაკლებია – 100 ათას მოსახლეზე ვირუსით 256 ადამიანია დაავადებული. თუმცა, გრიპის ვირუსის გავრცელების საფრთხე ისევ არსებობს. ეპიდემიად მიიჩნევა შემთხვევა, როდესაც 100 ათას ადამიანზე დაავადებულთა რიცხვი 450-500 დაავადებულს აღწევს.
გრიპის ვირუსთან დაკავშირებით თბილისში პირველადი ჯანდაცვის ხუთი დაწესებულება საგანგებო, 24-საათიანი რეჟიმით მუშაობს.
გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, გრიპის ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით მედიკამენტ "ტამიფლუს" უფასოდ მიიღებენ პაციენტთა კონკრეტული ჯგუფები – ორსულები, სოციალურად დაუცველები, ბავშვები, პენსიონერები, გულსისხლძარღვთა დაავადების მქონე ადამიანები, დიაბეტიანები, ონკოლოგიური დაავადებების მქონე და სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე ადამიანები.
H1N1 – А ვირუსის ქვეტიპია (გრიპის ყველაზე გავრცელებული ტიპი, რომელიც ყველაზე მასშტაბურ ეპიდემიებს იწვევს).
ადამიანების უმრავლესობის ორგანიზმში დაავადება გართულებების გარეშე ერთ კვირაში გადის. მაგრამ არსებობს დაავადების რთული ფორმა, რომელსაც სწრაფად პროგრესირებადი პირველადი ვირუსული პნევმონია ახასიათებს. ბაქტერიული პნევმონიისგან განსხვავებით მას არ გააჩნია მგრძნობელობა ანტიბიოტიკებზე და არასწორი მკურნალობისას გართულების პირველი ნიშნების გამოვლენიდან 24 საათში ლეტალური შედეგით შეიძლება დასრულდეს.
უმეტეს შემთხვევაში გრიპის სიმპტომებია: ტემპერატურის მატება, ხველება, ყელის ტკივილი, სურდო, თავის, კუნთების ტკივილი, სისუსტე და შემცივნება. ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება პირღებინება ან დიარეა.