საქართველოში ახალი წლის დღეებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა სამთო-სათხილამურო კურორტები, ამის შესახებ „Sputnik-საქართველოს“ ესაუბრა საქართველოს ტურიზმის ასოციაციის (GTA) თავმჯდომარე ნატა კვაჭანტირაძე.
ყველაზე ხშირად საქართველოში ტურისტები აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან და სომხეთიდან ჩამოდიან >>
ეს მეტწილად უკავშირდება მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიებს, რომელიც როგორც კერძო სექტორის, ისე ხელისუფლების მიერ არის ჩატარებული.
„ზამთრის სეზონი ყოველთვის აქტუალურია იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს შესანიშნავი კურორტები, რომლებზეც მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება. წელს მაგალითის სახით შეგვიძლია მოვიყვანოთ ბაკურიანი. გაზრდილი მოთხოვნის გამო იქ გზებზეც კი საცობებიც შეიქმნა. ეს მიუთითებს ინფრასტრუქტურის გაუმართაობაზე და სახელმწიფო აუცილებლად გააკეთებს ყველაფერს, რათა ეს პრობლემა გადაიჭრას. გაზრდილი მოთხოვნა შეიმჩნევა არამარტო ბაკურიანში, არამედ გუდაურშიც“, - გვიამბო კვაჭანტირაძემ.
მისი თქმით, ტურიზმის განვითარებასთან ერთად ამა თუ იმ კურორტებზე გამოცოცხლება ეტყობა ახლომდებარე დასახლებულ პუნქტებშიც. მაგალითად, გუდაური ეხმარება სტეფანწმინდას, ხოლო ბაკურიანი - მთელ სამცხე-ჯავახეთს.
ამასთან, იზრდება მოთხოვნა თბილისზე, თუმცა მცირდება ინტერესი ბათუმის მიმართ.
„ტურისტი, რომელიც ჩამოდის საქართველოში, სანამ სამთო-სათხილამურო კურორტზე გაემგზავრება, ირჩევს ტურებს თბილისში, მცხეთაში ან კახეთში. ანუ დროს უთმობს კულტურულ ტურებს“, - გვიამბო კვაჭანტირაძემ.
რაც შეეხება სამთო კურორტებს, გუდაურსა და ბაკურიანს თანდათანობით ეწევა მესტია, უამბო „Sputnik-საქართველოს“ ტურისტული სააგენტო World Express-ის დირექტორმა კახა ჩაკვეტაძემ.
ინფრასტრუქტურა და სასტუმროები
საქართველოში ახალი წლის დღეებში როგორც დიდი სასტუმროები, ისე ოჯახური ტიპის სასტუმროები გადავსებული იყო.
„ადამიანები ძირითადად ირჩევენ საშუალო დონის, ანუ საშუალო ბიუჯეტის სასტუმროებს. დიდი სასტუმროები ძვირია, თუმცა 29 დეკემბრიდან 4 იანვრამდე იყო გადატვირთული ყველა სასტუმრო - დიდიც, საშუალოც და მცირე“, - განაცხადა ჩაკვეტაძემ.
ტურისტები დიდ ყურადღებას საგზაო ინფრასტრუქტურას უთმობენ.
„თუ დავაკვირდებით ტენდენციებს, ჯერჯერობით ევროპულ სამთო-სათხილამურო კურორტებს ვერ შევედრებით. მაგრამ სახეზეა სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარების ტემპი. ხუთბალიანი სისტემით ჩვენ გვეკუთვნის მყარი სამიანი პლუსით“, - აღნიშნა ჩაკვეტაძემ.
როგორ აპირებს ტურისტების მოზიდვას საქართველო 2019 წელს >>
ჩაკვეტაძის თქმით, თუ კურორტებზე ცენტრალური გზა ასე თუ ისე გარემონტებულია, სასტუმროებისკენ თუ გადავუხვევთ, სურათი იცვლება. მან იმედი გამოთქვა, რომ ხელისუფლება ამ პრობლემას უახლოეს მომავალში გადაჭრის.
„გზებს მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს. პრობლემა ზოგჯერ იქმნება თბილისი-სტეფანწმინდას მაგისტრალზე. იქ გროვდება დიდი სატვირთო ავტომობილები, და თოვისა და ლიპყინულის გამო ტრანსპორტს გადაადგილება უჭირს“, - განაცხადა ჩაკვეტაძემ.
მან ასევე არ გამორიცხა სასტუმროებზე ფასების შემცირება, რასაც მათი რაოდენობის მუდმივი ზრდა განაპირობებს.