თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა 2019 წელს გახდება ტურისტების მოზიდვა, რათა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს მიმდინარე წლის ისედაც მაღალი მაჩვენებელი, ნათქვამია სახელმწიფო ბიუჯეტის პროგრამაში.
2018 ბიუჯეტის ცვლილებები დამტკიცებულია: რა შეიცვალა >>
დღეისათვის ცნობილია 2018 წლის მხოლოდ 11 თვის სტატისტიკური მონაცემები, თუმცა ამ ციფრებმა ყველა რეკორდს გადააჭარბა. იანვარ-ნოემბერში უცხოელებმა საქართველოში 8,1 მილიონი ვიზიტი განახორციელეს.
ჯერჯერობით ხელმისაწვდომია ტურიზმისგან მიღებული შემოსავლების შესახებ ათი თვის ინფორმაცია - ამ ციფრმა 2,8 მილიარდ დოლარს მიაღწია. საქართველოს ხელისუფლება ვარაუდობს, რომ წლის ბოლომდე შემოსავლები 3 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს.
მიმდინარე წელს ტურიზმის განვითარებაზე 52,1 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი.
2019 წელს ტურისტების მოზიდვის მიზნით ხელისუფლება რიგი პროექტის განხორციელებას აპირებს. საერთო ჯამში ტურიზმის განვითარებაზე მიმდინარე წელთან შედარებით ოდნავ მეტი გამოიყოფა - 51,9 მილიონი ლარი.
პირველ რიგში, ტურისტებისათვის უფრო მეტი კომფორტის შესაქმნელად გაგრძელდება გზების მოწესრიგება, განსაკუთრებით კულტურის ძეგლებისა თუ ღირსშესანიშნაობებისკენ მიმავალის.
The Guardian: ზამთარში ყველაზე კარგად ქართული ჭაჭა ათბობს >>
ბუნების მოყვარულებსაც სასიამოვნო სიახლეები ელის. გაიზრდება დაცული ტერიტორიების (ნაკრძალების, ეროვნული პარკების, აღკვეთილების და ა.შ.) ფართობი და ეკოტურიზმი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება გახდება.
გარდა ამისა, სახელმწიფო სამედიცინო, სპორტული, ღვინის და ა.შ. ტურიზმის განვითარებასაც აპირებს.
ხელისუფლება გეგმავს ისეთი ღონისძიებები გაატაროს, რომ ტურიზმის სფეროში დასაქმებულ მოსახლეობას სტაბილური შემოსავალი მთელი წლის განმავლობაში ჰქონდეს. ამისათვის იგეგმება ზამთრის კურორტების აქტიური განვითარება, რათა ისინი დამსვენებლებისათვის მიმზიდველი ზაფხულშიც იყოს.
საუკეთესოები ტურიზმში – საქართველოში Welcome to Georgia!–ს გამარჯვებულები დაასახელეს >>
გარდა ამისა, ტურისტების მოზიდვის მიზნით უცხოეთში მარკეტინგული კამპანიები განხორციელდება.