თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გრიპის ვირუსთან დაკავშირებით ისაუბრა და ქვეყანაში მედიკამენტ „ტამიფლუს" მარაგების შესახებ განცხადება სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
სერგეენკომ ვირუსის დროს ექიმთან დროული ვიზიტის და მკურნალობის დროული დაწყების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ტამიფლუს" ანტივირუსული პრეპარატის მარაგები ქვეყანაში საკმარისია, თუმცა სამი ძირითადი არეალიდან: სტაციონარები, სააფთიაქო ქსელი და ჯანდაცვის სამინისტროს მარაგები, ბოლო ორი დღის განმავლობაში დეფიციტი მხოლოდ სააფთიაქო ქსელებში შეიქმნა“, - განაცხადა სერგეენკომ.
მინისტრის თქმით, მარაგები 10 იანვარს შეივსება, მანამდე კი აფთიაქებს პრეპარატს სამინისტრო თავისი მარაგიდან მიაწვდის.
ჯანდაცვის სამინისტრო თავისი მარაგებიდან ამ მედიკამენტებს უფასოდ გასცემდა მთელი საქართველოს მასშტაბით მხოლოდ ორსულებისთვის და სოციალურად დაუცველებისთვის. აფთიაქებში დროებით შექმნილი დეფიციტიდან გამომდინარე, დღეიდან ეს ჩამონათვალი გაფართოვდა და ამით ისარგებლებენ არა მხოლოდ ორსულები და სოციალურად დაუცველები, არამედ ბავშვები, ასაკით პენსიონერები, გულსისხლძარღვთა დაავადების მქონე ადამიანები, დიაბეტიანები, ონკოლოგიური დაავადებების მქონე და სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე ადამიანები.
„ამ ადამიანებს შეუძლიათ მიმართონ მთელი საქართველოს მასშტაბით საზოგადოებრივი ჯანდაცვის განყოფილებებს, და ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროს მარაგებიდან ამ მედიკამენტს გავცემთ. ასევე დღეს საღამოს უკვე დასრულდება სააფთიაქო ქსელებთან შეთანხმება და ჩვენ ამ ქსელებსაც გადავცემთ სამინისტროს მარაგებიდან „ტამიფლუს" საკმაო რაოდენობას, ისე რომ სააფთიაქო ქსელებში დეფიციტი აღარ იყოს“, - განაცხადა სერგეენკომ.
მინისტრის განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელ აფთიაქში იქნება ეს მედიკამენტი, საზოგადოება მიიღებს ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზიდან 15 05.
პრეპარატის უფასოდ მისაღებად ბენეფიციარებმა უნდა მიაკითხონ მუნიციპალურ საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრებს და წარადგინონ ექიმის დანიშნულება (ფორმა 100).