თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გრიპის ვირუსის შემთხვევების რაოდენობის ზრდის გამო კარანტინი გამოცხადდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ქალაქის ბავშვთა საავადმყოფოში 25 დეკემბრიდან პაციენტთა მიმართვიანობა სულ მცირე სამჯერ არის გაზრდილი. ამასთან, დღის განმავლობაში ექიმები ამბულატორიულ დახმარებას 30-ზე მეტ მოზარდს უწევენ.
ექიმების განცხადებით, პაციენტებს ძირითადად მაღალი ტემპერატურა, საერთო სისუსტე და პირღებინება აღენიშნებათ, თუმცა არც ერთი მათგანის მდგომარეობა არ გართულებულა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში გრიპის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი გაიზარდა და 100 ათას მოსახლეზე ვირუსით 276 ადამიანია დაავადებული, ეპიდემიად მიიჩნევა, როდესაც 100 ათას ადამიანზე დაავადებულთა რიცხვი 450-500 დაავადებულს აღწევს. გარდა ამისა, ამ დღეებში H1N1 ტიპის გრიპის, ანუ „ღორის გრიპის“ გართულებამ საქართველოში ექვსი ადამიანი იმსხვერპლა.
H1N1 („ღორის გრიპი") მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელსაც გრიპის პანდემიური ვირუსი А(H1N1) pdm09 იწვევს. ის ღორისგან და ადამიანიდან ადამიანზე გადაეცემა. ვირუსი 1930 წელს რიჩარდ შოუპმა (აშშ) აღმოაჩინა. „ღორის გრიპი" გადაეცემა როგორც დაინფიცირებულ ორგანიზმთან უშუალოდ კონტაქტით, ისე ჰაერ-წვეთოვანი გზით.
მსოფლიოში H1N1 ვირუსი 2009 წელს გავრცელდა და მას პანდემიურს უწოდებენ, რადგანაც დასაწყისში მან მსოფლიო მასშტაბით პანდემია გამოიწვია. საქართველოში ვირუსი ძალას დეკემბრის შუა რიცხვებიდან იკრებს და მარტის ბოლომდე გრძელდება.