თბილისი, 31 დეკემბერი - Sputnik. საქართველოში გრიპის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი გაიზარდა და 100 ათას მოსახლეზე ვირუსით 276 ადამიანია დაავადებული, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებაზე დაყრდნობით.
ექიმები გრიპით დაავადებული ბავშვების მშობლებს აფრთხილებენ>>>
გასულ წელთან შედარებით, კლინიკებში მიმართვიანობა ორჯერ გაიზარდა. წინა კვირაში 100 ათას ადამიანზე დაინფიცირების 221 შემთხვევა მოდიოდა. ეპიდემიად მიიჩნევა, როდესაც 100 ათას ადამიანზე დაავადებულთა რიცხვი 450-500 დაავადებულს აღწევს. ამ კვირაში H1N1 ტიპის გრიპის, ანუ „ღორის გრიპის“ გართულებამ საქართველოში ორი ადამიანი იმსხვერპლა.
ამირან გამყრელიძის თქმით, ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი მომდევნო კვირებში, სავარაუდოდ, შემცირდება, რაც სკოლებსა და საბავშვო ბაღებში დაწყებულ არდადეგებს უკავშირდება.
იმ შემთხვევაში, თუ ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი 100 ათას ადამიანზე 400-ს მიაღწევს, კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, დღის წესრიგში დადგება ამბულატორიული დაწესებულებების 24-საათიან რეჟიმზე გადასვლა.
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბოლოს 100 ათასი ადამიანიდან 400-ის დაინფიცირების მაჩვენებელი 2009 წელს დაფიქსირდა.
ამ ეტაპზე ქვეყანაში გრიპით დაინფიცირებულთა უმეტესობას H1N1 აქვს. ასევე აღინიშნება H3N2 ტიპის ვირუსის გავრცელების დაბალი მაჩვენებელი.
საქართველოში გრიპის ვირუსით უკვე ორი ქალი გარდაიცვალა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებების რაოდენობამ პიკს მიაღწია, რაც ვირუსების გავრცელებით აიხსნება.
H1N1 – А ვირუსის ქვეტიპია (გრიპის ყველაზე გავრცელებული ტიპია, რომელიც ყველაზე მასშტაბურ ეპიდემიებს იწვევს).
ადამიანების უმრავლესობის ორგანიზმში დაავადება გართულებების გარეშე ერთ კვირაში გადის. მაგრამ არსებობს დაავადების რთული ფორმა, რომელსაც სწრაფად პროგრესირებადი პირველადი ვირუსული პნევმონია ახასიათებს. ბაქტერიული პნევმონიისგან განსხვავებით მას არ გააჩნია მგრძნობელობა ანტიბიოტიკებზე და არასწორი მკურნალობისას გართულების პირველი ნიშნების გამოვლენიდან 24 საათში ლეტალური შედეგით შეიძლება დასრულდეს.
უმეტეს შემთხვევაში გრიპის სიმპტომებია: ტემპერატურის მატება, ხველება, ყელის ტკივილი, სურდო, თავის, კუნთების ტკივილი, სისუსტე და შემცივნება. ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება პირღებინება ან დიარეა.