თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. ინგოროყვას კლინიკაში 30 წლის მამაკაცი H1N1-ის ვირუსით გარდაიცვალა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
შემთხვევა გუშინ მოხდა – H1N1-ის ვირუსის არსებობა ლაბორატორიულად დადასტურდა.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტმა მათ ორი დღის წინ მიმართა და მას შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა, თუმცა საავადმყოფოში მისვლისას მისი მდგომარეობა უკვე მძიმე იყო, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მედიკოსების ცნობით, პაციენტს ქრონიკული დაავადებაც ჰქონდა.
ლაბორატორიულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ მიმდინარე სეზონზე, H1N1-ის გართულების შედეგად შვიდი ადამიანი გარდაიცვალა. ხოლო „ღორის გრიპის“ დაავადება ლაბორატორიულად 140 შემთხვევაში დადასტურდა.
H1N1 – А ვირუსის ქვეტიპია (გრიპის ყველაზე გავრცელებული ტიპია, რომელიც ყველაზე მასშტაბურ ეპიდემიებს იწვევს).
ადამიანების უმრავლესობის ორგანიზმში დაავადება გართულებების გარეშე ერთ კვირაში გადის. მაგრამ არსებობს დაავადების რთული ფორმა, რომელსაც სწრაფად პროგრესირებადი პირველადი ვირუსული პნევმონია ახასიათებს. ბაქტერიული პნევმონიისგან განსხვავებით მას არ გააჩნია მგრძნობელობა ანტიბიოტიკებზე და არასწორი მკურნალობისას გართულების პირველი ნიშნების გამოვლენიდან 24 საათში ლეტალური შედეგით შეიძლება დასრულდეს.
უმეტეს შემთხვევაში გრიპის სიმპტომებია: ტემპერატურის მატება, ხველება, ყელის ტკივილი, სურდო, თავის, კუნთების ტკივილი, სისუსტე და შემცივნება. ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება პირღებინება ან დიარეა.