თბილისი, 3 იანვარი - Sputnik. მცხეთის ისტორიული ძეგლების დამცავ ზონაზე მოქმედი მორატორიუმი 2019 წლის ბოლომდე გახანგრძლივდა, აღნიშნულია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
კერძოდ, მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აგვისტოს „ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის ამოქმედების შესახებ“ დადგენილების მოქმედების ვადა 2019 წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდა.
ამავე დროს, მცხეთის ისტორიული ძეგლების დამცავ ზონაზე მოქმედი მორატორიუმის პირობებში 2019 წლის 1 მარტამდე გარკვეული ცვლილებებიც შევა, რამაც ადგილობრივი მოსახლეობისათვის მორატორიუმის პირობების შემსუბუქება უნდა უზრუნველყოს. სააგენტოს ცნობით, ცვლილებები უწყებათაშორისი კონსულტაციების, UNESCO-სა და მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან შეთანხმების საფუძველზე დადგინდება.
როგორც განცახდებაშია აღნიშნული, განსაკუთრებული რეჟიმი მცხეთის ურბანული განვითარებისა და მიწის პრივატიზების შესახებ ურბანული დაგეგმარების დოკუმენტაციის მიღებამდე და მონიტორინგის სისტემის დანერგვამდე იმოქმედებს.
დროებითი რეჟიმის შემსუბუქების მიზნით მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრმა და მისმა მრჩეველმა ორგანომ - ICOMOS-მა შესაბამისი რეკომენდაციების პაკეტი საქართველოს მხარეს 2018 წლის დეკემბერის ბოლოს გამოუგზავნა.
„რეკომენდაციების თანახმად, საახელმწიფო უწყებებს მცხეთის ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავებამდე, მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის ზოგადსაკაცობრიო ღირებულების შენარჩუნების გარანტიით, ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების შესაბამისი მექანიზმები (სახელმძღვანელო პრინციპების) უნდა შეემუშავებინათ“, -აღნიშნულია განცხადებაში.
შესაბამისი მექანიზმების შემუშავების შემდეგ კი მცხეთაში მთელი რიგი ინფრასტურქტურული პროექტები განხორციელდება.
მცხეთის ისტორიული ძეგლები იუნესკოს სიაში 1994 წელს შეიტანეს და მასში გაერთიანებულია მცხეთის ჯვარი, სვეტიცხოველი და სამთავრო. მოვლა-პატრონობის სისტემისა და არათანმიმდევრული განაშენიანების გამო, ისინი 2009 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 33-ე სესიაზე საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაში შეიტანეს.