საქართველოს ძველი დედაქალაქი მცხეთა ჩვენ წელთაღრიცხვამდე მეხუთე საუკუნეში დაარსდა და დღეს ტურისტებში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, თუ როგორ ხვდებიან სტუმრებს ძველ ქალაქში.
ქალაქი მცხეთა დააარსა ქართლის პირველი მეფის ვაჟმა ეთნარქმა მცხეთოსმა და ქალაქსაც საკუთარი სახელი დაარქვა. ამის შემდეგ მცხეთა საქართველოს დედაქალაქი იყო თითქმის ათასი წლის განმავლობაში. პირველად წმინდა ნინომ სწორედ აქ იქადაგა. მცხეთაში ინახება ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიწმინდე — უფლის კვართიც. სწორედ ამიტომ მცხეთას წმინდა ქალაქის სტატუსი მიენიჭა.

2010 წელს მცხეთაში მასშტაბური რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ქალაქის ისტორიულ ნაწილს, დაიგო ახალი ქვაფენილი, განახლდა სახლების ფასადები, აშენდა ახალი შენობები და გარემონტდა ძველები. მცხეთამ კვლავ შეინარჩუნა სიმყუდროვე და სილამაზე, ამასთან ერთად განახლდა და დღეს საქართველოს ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია

ტურისტები მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან მცხეთაში, რათა საკუთარი თვალით იხილონ ცოცხალი ისტორია - უძველესი შენობები, ქრისტიანული სალოცავები და, რაღა თქმა უნდა, სვეტიცხოველი

ტურისტების დიდი რაოდენობა ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე კარგად აისახა - დღეს აქ ბევრია ღვინის მაღაზია და მარანი, სადაც იყიდება სახლის ღვინოები, სადაც შეიძლება საქართველოს სამახსოვროდ მრავალი სუვენირის შეძენა

სვეტიცხოვლის ცენტრალური შესასვლელის მოედანი ტურისტულ სეზონზე ტურისტულ ბაზრობას მოგაგონებთ - აქ იყიდება არა მხოლოდ სანთლები და ხატები, არამედ სხვადასხვა სუვენირები, ორნამენტები, საჩუქრები და სათამაშოები

მთელ ქალაქში შეხვდებით სუვენირებისა და ხელნაკეთი ნივთების დახლებს

განცხადება ქართული ღვინის უფასო დეგუსტაციაზე თითქმის ყოველ ნაბიჯშია

როდესაც შეთავაზება მოთხოვნას აჭარბებს - გაზაფხულზე ქუჩის მოვაჭრეები მცხეთაში მაგნიტებს 5 ლარს აფასებდნენ. ახლა ფოტოზე კარგად ჩანს, რამდენი მაგნიტი შეიძლება შეიძინოთ ამა თუ იმ ფასად

აქ შეგიძლიათ შეიძინოთ ქართული ტკბილეულიც - ჩურჩხელები, თაფლი და მურაბები

სპეციალურად რუსულენოვანი ტურისტებისათვის ყოველ სათლზე სანელებლის დასახელება წერია. როგორც წესი, ყოველ პროდუქტს იმ ენაზე აწერენ დასახელებას, ვისი მხრიდანაც ყველაზე დიდი მოთხოვნაა

მაგალითად, სასეირნო ელექტრომობილის ექსკურსიისათვის დაქირავების განცხადება მხოლოდ ინგლისურად წერია - და როგორც წესი, ამ მომსახურებით აღმოსავლური ქვეყნების წარმომადგენლები სარგებლობენ

ღვინის მაღაზიებზე წარწერები სამ ენაზე გვხვდება - ქართულად, რუსულად და ინგლისურად

ასეთ მაღაზიებში ტურისტებს ხვდებათ ეროვნულ სამოსში ჩაცმული ქართველის ფიგურები - კონკურენციის გამო ასეთი მაღაზიების მფლობელებს უწევთ მოიფიქრონ საინტერესო გამოფერმებები და ხრიკები, რითაც სტუმრებს მიიზიდავენ და მეტ დროს გაატარებინებენ საკუთარ მაღაზიაში

წარწერები სუვენირებზეც სხვადასხვა ენებზეა, მათ შორის ქვეყნის დასახელებაც

მცხეთაში მრავლადაა ქუჩის კაფეები და რესტორნები, აქ სითბოა ოქტომბერშიც, ხანდახან ნოემბერშიც კი. ხოლო თუ ამინდი ხელს არ გიწყობთ, თავი შეგიძლიათ შეაფაროთ დარბაზებს, რომლებიც, როგორც წესი, ქართულ სტილშია გაფორმებული

ქართული თაფლი მცხეთის ერთ-ერთ მაღაზიაში. წარწერები ამ მხარეს ინგლისურ ენაზეა, თუმცა მეორე მხრიდან ეტიკეტზე დატანილი ინფორმაცია არის ქართულ და რუსულ ენებზეც

სვეტიცხოვლის ტერიტორია ყოველთვის სავსეა ხალხით. აქ მოდიან არა მხოლოდ სიწმინდეების სანახავად

კარგ ამინდში ტაძრის წინ სკამებზე ყოველთვის სხედან სტუმრები. ისინი იღებენ სამახსოვრო ფოტოებს და ტაძრის ტერიტორიაზე სეირნობენ

ქართული ჭაჭის სტალინის ფორმის ბოთლებიც ძალიან პოპულარულია ტურისტებში. მცხეთაში სუვენირების მაღაზიებში ასევე შეხვდებით საბჭოთა სიმბოლიკის ნივთებს. გამყიდველების თქმით, ასეთ ნივთებზე მოთხოვნა ახლო აღმოსავლეთისა და აზიის ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტების მხრიდანაა

მცხეთის ქუჩებში, განსაკუთრებით სვეტიცხოველთან ახლოს, იყიდება სანთლები და ხატები. საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზეც მოქმედებს საქართველოს საპატრიარქოს მაღაზია, სადაც ამ ყველაფრის შეძენაა შესაძლებელი

ქართული მურაბა იმდენად მადის აღმძვრელად გამოიყურება, რომ რთულია მათი ყიდვის გარეშე აქ გავლა

მცხეთაში გასეირნებისთვის საკმარისია ნახევარი საათიც, თუმცა შეიძლება ორი დღეც კი დაგჭირდეთ. ყველაფეირ დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მარშრუტს აირჩევთ და რის ნახვას მოისურვებთ