ჩინელ ბავშვებს ქართულ ზღაპრებს წაუკითხავენ

© REUTERS / China Dailyსაბავშვო ბაღის „კურსდამთავრებულები“ ჩინეთში
საბავშვო ბაღის „კურსდამთავრებულები“ ჩინეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი კეკელიძის „თომას ზღაპრების“ წაკითხვა ამიერიდან ჩინურ ენაზეც შესაძლებელია.

თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. ცნობილი ქართველი მწერლის, პოეტისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის წიგნი „თომას ზღაპრები“ ჩინურ ენაზე ითარგმნა.

ოქსფორდის უნივერსიტეტმა საქართველოსადმი მიძღვნილი წიგნი გამოსცა >>

პროექტის ინიციატორები – ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ჩინელი ბავშვები ქართულ ზღაპრებს გაეცნობიან გამომცემლობა China Translation & Publication House-ის წყალობით. თარგმანის ავტორია ანა გოგუაძე.

ილუსტრირებული წიგნი 4-დან 10 წლამდე მკითხველზეა გათვლილი და აერთიანებს ზღაპრებს ჯუჯაზე სახელად თომა.

„თუ ბავშვობა მართლა იქ მთავრდება, როცა ლოგინის ქვეშ შეხედვის აღარ გვეშინია, მაშინ ფანჯრიდან უნდა მოვისროლო ჩემი საწოლი – თქვა ერთხელ თომამ, ეცადა კიდეც, მაგრამ, რაღა დაგიმალოთ და, ვერ მოერია. ეჯაჯგურა, ეჯაჯგურა და მერე გაბრაზებული იატაკზე გაიშოტა", – ასე იწყება წიგნი, რომლის თითოეული ფურცელი ბავშვობაში გვაბრუნებს.

პირველად გიორგი კეკელიძის „თომას ზღაპრები“ საქართველოში 2016 წელს გამოიცა. ნაწარმოები ასევე თარგმნილია ფრანგულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე. სულ მალე წიგნის იტალიური თარგმანიც გამოვა.

წიგნების შეკვრა - Sputnik საქართველო
ქართველი მწერლის რომანი გერმანიაში საუკეთესო წიგნების ტოპ-ათეულში შევიდა

გიორგი კეკელიძე ოზურგეთის მკვიდრია. არის პრემია „საბას“, „ოქროს ფრთის“ და მუშვიგის სახელობის საერთაშორისო პრემიის ლაურეატი. კეკელიძე ავტორია გახმაურებული ავტობიოგრაფიული დოკუმენტური რომანისა „გურული დღიურები“, რომლის ორივე ნაწილი 2016-2017 წლებში ბესტსელერი გახდა.

გარდა იმისა, რომ კეკელიძე წარმატებული მწერალი და ქვეყნის „მთავარი ბიბლიოთეკარია“, ის ასევე პოპულარული ტელეწამყვანი და საზოგადო მოღვაწეა. საჯარო ბიბლიოთეკის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში კეკელიძე მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს რეგიონებში სკოლებს ამარაგებს წიგნებითა და კომპიუტერებით, ხოლო უცხოეთში ქართულ დიასპორებთან ხსნის ბიბლიოთეკებსა და ქართული ლიტერატურის კუთხეებს.

ყველა ახალი ამბავი
0