თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძიზე ზამთრის სეზონი ოფიციალურად 28 დეკემბერს გაიხსნება, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში.
სეზონის გახსნის დღიდან გოდერძიზე იფუნქციონირებს ორივე საბაგირო და 8 კილომეტრის სიგრძის სამთო-სათხილამურო ტრასები.
კურორტის ცენტრალურ მოედანზე მდებარეობს ერთი რესტორანი, სწრაფი კვების ობიექტები და თხილამურების გაქირავების პუნქტი. კურორტზე ასევე მოწყობილია 200-მეტრიანი ტრასა, რომელიც ბავშვებისა და დამწყები მოთხილამურეებისათვის არის განკუთვნილი.
ამ ეტაპზე კურორტზე არსებობს თანამედროვე ტიპის ექვსი კოტეჯი და ერთი სასტუმრო. ერთი კოტეჯი 12 კაცზეა გათვლილი.
გოდერძიზე ასევე არის 13-ნომრიანი სასტუმრო „დავითი“, რომელსაც ერთდროულად 40 ადამიანის მიღება შეუძლია. კიდევ ერთი სასტუმრო კურორტიდან ხუთ კილომეტრში, გოდერძის უღელტეხილზე მდებარეობს. ეს არის 10-ნომრიანი სასტუმრო, რომელსაც 30 სტუმრის მიღება შეუძლია. სასტუმროს ყოველდღე ემსახურება სპეციალური სამგზავრო თოვლმავალი, რომელსაც დამსვენებლები გოდერძის საბაგიროს სადგურამდე გადაჰყავს.
გოდერძი ზღვის სიმაღლიდან 2200 მეტრზე მდებარეობს და აჭარის ყველაზე მაღალ წერტილად მიიჩნევა. ჯერჯერობით გოდერძიზე გართობის ინდუსტრია ნაკლებად არის განვითარებული, სამაგიეროდ თოვლის საფარის სისქე ხშირად ორ მეტრს აჭარბებს, რაც საქართველოს სხვა ზამთრის კურორტებთან შედარებით სამჯერ მეტია.