თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მერიის მიერ დაგეგმილი რეფორმის ფარგლებში, ტაქსის მძღოლები ვალდებული იქნებიან, რომ მოქალაქეებს მაღალი ხარისხის მომსახურება შესთავაზონ, ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
კალაძის განცხადებით, მომსახურების ხარისხის ზრდა ფასების ზრდასაც გამოიწვევს.
მერის განცხადებით, არსებობს ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა, ბევრმა ტაქსისტმა ქალაქის ქუჩები არ იცის და ეს მოქალაქეების პროტესტს იწვევს.
„ბევრი კითხვა არსებობს, ბევრმა არ იცის ქუჩები. იმ რეფორმით, რომელიც ჩვენ გვაქვს დაწყებული, ეს მიმართულება ძალიან მაღალ დონეზე მოწესრიგდება... ტაქსის მძღოლების მხრიდან ასევე ავტომობილები იქნება მოწესრიგებული, რაც, რა თქმა უნდა, ბუნებრივად გამოიწვევს ფასების მატებას. სხვა ქვეყნებს თუ შევადარებთ, საქართველოში დღეს ტაქსის მომსახურება ძალიან იაფია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძის განმარტებით, ქალაქის მერია ყველაფერს აკეთებს, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველაზე კომფორტული და ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს.
თბილისში 2018 წლის 1 აგვისტოს ტაქსის სავალდებულო რეგისტრაცია დაიწყო. ამ დროისთვის რეგისტრირებულია დაახლოებით 23 ათასზე მეტი ტაქსი.