თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. ანაკლიაში, ახალაშენებულ კორპუსში 13 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა, ნათქვამია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, დევნილი ოჯახები ანაკლიის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხის ძველ კოტეჯებში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ.
„სახელმწიფოსთვის პორტის მშენებლობას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, სწორედ ამიტომ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები კრიტერიუმების გარეშე, უპირობოდ გადაეცათ“, - ნათქვამია განცხადებაში.
13 ოჯახი, მათი სურვილის შესაბამისად, ანაკლიაში, ახალაშენებულ კორპუსში ჩასახლდება.
2013 წლიდან დღემდე, სამეგრელოს რეგიონში ბინა 1262 დევნილ ოჯახს გადაეცა. ამ ეტაპზე, ზუგდიდში 360 ოჯახის განსახლების მიზნით 6 კორპუსი შენდება.