თბილისი, 13 დეკემბერი - Sputnik. რუსთავის რაიონულმა სასამართლომ მარნეულის ყოფილი მერი, თემურ აბაზოვი 10 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, იუწყება პირველი არხი.
აბაზოვი და კიდევ ორი პირი მიმდინარე წლის ივნისში მარნეულის მკვიდრ ელჩინ ალახვერდიევის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტზე აღძრული საქმის ფარგლებში დააკავეს.
სასამართლომ დააკმაყოფილა აღკვეთის ზომის შეცვლის თაობაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა. სასამართლომ იხელმძღვანელა იმით, რომ ყველა მტკიცებულება შესწავლილია და ყველა მოწმე დაიკითხა.
რაც შეეხება საქმის დეტალებს, გამოძიება ამტკიცებს, რომ თავიდან ალახვერდიევი საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ აზერ სულეიმანოვმა, მარნეულის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა რამინ ალახვერდიევმა და ვინმე ელინ გულიევმა სცემეს. მათ ამ ფორმით იძიეს შური მამაკაცზე, რომელმაც 10 ივნისს თბილისში გამართულ აქციაზე უცენზუროდ მოიხსენია მარნეულის მერი თემურ აბაზოვი და მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.
მოგვიანებით აბაზოვი ალახვერდიევს ფიზიკურად გაუსწორდა — სცემა, შემდეგ აიძულა ჩართულიყო „ფეისბუქის" პირდაპირ ეთერში, მოეხადა ბოდიში და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენებინა საკუთარი ცოლისთვის. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ელჩინ ალახვერდიევი აიძულეს მოეშარდა ჭიქაში და შარდით მოებანა სახე.
აბაზოვთან ერთად აღნიშნულ საქმეზე დაკავებული არიან ალახვერდიევი და გულიევი. ბრალი წარედგინა ასევე საქართველოს პარლამენტის დეპუტატ სულეიმანოვს, რომელიც ამ დროისთვის დაკავებული არ არის, რადგან იგი სასამართლომ 4 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დააკავეს >>
დღეისთვის აბაზოვს ბრალი ედება სსკ-ის მუხლებით: „არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ“ და „პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამოყენება ან/და გავრცელება ამა თუ იმ ხერხით გავრცელებული ნაწარმოების, ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“.
აბაზოვს 5-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.