მარნეულის ყოფილ მერს ბრალი დაუმძიმდა

© photo : municipality of marneuli / FBთემურ აბაზოვი
თემურ აბაზოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თემურ აბაზოვს არა მარტო არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაში, არამედ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონო გავრცელებაში ედება ბრალი.

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ პატიმრობაში მყოფ მარნეულის ყოფილ მერს თემურ აბაზოვს ბრალი დაუმძიმა - მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონო გავრცელება დაემატა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

აბაზოვი და მასთან ერთად კიდევ ორი პირი 13 ივნისს დააკავეს მას შემდეგ, რაც „სტუდია მონიტორმა", რომელიც ჟურნალისტური გამოძიებითაა დაკავებული, სკანდალური სიუჟეტი გაავრცელა, რომელშიც გამოყენებული იყო Facebook-ით გავრცელებული ვიდეოჩანაწერები.

ვიდეოჩანაწერებში ჩანს, თუ როგორ უსწორდებიან ფიზიკურად და აიძულებენ საკუთარი შარდით სახე დაიბანოს მარნეულის მკვიდრ ალახვერდიევს, რომელმაც უცენზუროდ მოიხსენია მარნეულის მერი თემურ აბაზოვი და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

თემურ აბაზოვი - Sputnik საქართველო
მარნეულის მერი განაჩენს გისოსებს მიღმა დაელოდება

„სასამართლო სამართლიანი გადაწყვეტილებით არ გამოირჩევა, რამდენადაც დაცვის მხარეს დასაბუთებული პოზიცია ჰქონდა. ჩვენ მტკიცებულებების დაუშვებლობაზე დავაყენეთ შუამდგომლობა. საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა. დაცვის მხარე მზადაა წარდგენილ ბრალდებაში დაამტკიცოს თემურ აბაზოვისა და სხვა პირების უდანაშაულობა“, - განაცხადა აბაზოვის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა ჟურნალისტებთან სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას.

ხუთშაბათს, საღამოს რუსთავის საქალაქო სასამართლომ კიდევ ერთხელ განიხილა აბაზოვისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი და მისი პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

„წარმოდგენილი მტკიცებულებები დიდი ალბათობით იძლევა საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ყველა ბრალდებულებმა ჩაიდინა ის დანაშაული, რაშიც მათ ადანაშაულებენ“, – განაცხადა საქმის პროკურორმა ლევან ჯალაღანიამ ჟურნალისტებთან.

რაც შეეხება საქმის დეტალებს, გამოძიება ამტკიცებს, რომ თავიდან მარნეულის მკვიდრი ალახვერდიევი საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ აზერ სულეიმანოვმა, მარნეულის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა რამინ ალახვერდიევმა და ვინმე ელინ გულიევმა სცემეს. მათ ამ ფორმით იძიეს შური მამაკაცზე, რომელმაც 10 ივნისს თბილისში გამართულ აქციაზე უცენზუროდ მოიხსენია მარნეულის მერი თემურ აბაზოვი და მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.

მოგვიანებით აბაზოვი ალახვერდიევს ფიზიკურად გაუსწორდა — სცემა, შემდეგ აიძულა ჩართულიყო „ფეისბუქის" პირდაპირ ეთერში, მოეხადა ბოდიში და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენებინა საკუთარი ცოლისთვის. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ელჩინ ალახვერდიევი აიძულეს მოეშარდა ჭიქაში და შარდით მოებანა სახე.

აბაზოვთან ერთად აღნიშნულ საქმეზე დაკავებული არიან ალახვერდიევი და გულიევი. ბრალი წარედგინა ასევე საქართველოს პარლამენტის დეპუტატ სულეიმანოვს, რომელიც ამ დროისთვის დაკავებული არ არის, რადგან იგი სასამართლომ 4 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

პარლამენტის დეპუტატ სულეიმანოვს გირაო შეეფარდა>>>

დღეისთვის აბაზოვს ბრალი ედება სსკ-ის მუხლებით: „არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ“ და „პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამოყენება ან/და გავრცელება ამა თუ იმ ხერხით გავრცელებული ნაწარმოების, ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“.

აბაზოვს ხუთიდან ათ წლამდე ვადით პატიმრობა ელის.

აზერ სულეიმანოვის, რამინ ალახვერდიევისა და მოქალაქე ე.გ.-ს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს ჯარიმას ან 180-დან 240 საათამდე ვადით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ან თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.

 

ყველა ახალი ამბავი
0