თბილისი, 13 დეკემბერი - Sputnik. ბათუმის პორტში 20 მილიონი დოლარის ღირებულების ახალი ტერმინალის მშენებლობა იგეგმება, იუწყება პირველი არხი პორტის კომერციულ დირექტორზე, ილიას მუკატოვზე დაყრდნობით.
ახალი ტერმინალის პროექტი უკვე მზად არის, თუმცა, მუკატოვის თქმით, ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება მისი მშენებლობა. აღნიშნული საკითხი ქვეყნის სახელმწიფო უწყებებთან შეთანხმების პროცესშია.
საქართველო წარმატებით ვაჭრობს: ქართულ პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება >>
„ეს არის პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ტრანსკავკასიური დერეფნის განვითარებას. დამატებით გადამუშავდება მილიონ 200 ათასი ტონა კარბამიდი, რომელიც არის ორგანული მინერალური სასუქი, გამოიყენება სოფლის მეურნეობაში“, - აღნიშნა მუკატოვმა.
კომერციული დირექტორის მტკიცებით, ახალი ტერმინალი მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი იქნება.
ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახალი ტერმინალი ეკოლოგიისთვის საფრთხის შემცველი იქნება, რაც, მუკატოვის თქმით, სინამდვილეს არ შეესაბამება.
„ბოლო პერიოდში შეიმჩნევა საზოგადოებაში დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობა ტერმინალის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. პროექტი აკმაყოფილებს ყველა გარემოსდაცვით სტანდარტს, მასში ჩართულია ტრანსნაციონალური კომპანიები და საერთაშორისო ტრეიდერი ტრამმო. პროექტი საქართველოს ყველა კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოსთან შეთანხმების პროცესშია“, – განაცხადა ილიას მუკატოვმა.
მაქინაციები ანაკლიის პორტის მშენებლობაში – მოსახლეობას მიწის ნაკვეთებს დაუბრუნებენ >>
ახალი ტერმინალის მშენებლობა პორტის თანამშრომლებმა ერთი თვის წინ გააპროტესტეს. ისინი შიშობენ, რომ ტერმინალი ქალაქში მომწამვლელი ნივთიერებების გავრცელებას შეუწყობს ხელს.
პორტის თანამშრომლები და ადგილობრივი მცხოვრებლები საპროტესტო აქციის მოწყობას პარასკევს, 14 დეკემბერს გეგმავენ.
კომპანია „ბათუმის ნავთობის ტერმინალი“ შპს „ბათუმის საზღვაო პორტის“ აქციების 100%-ს ფლობს. თავის მხრივ, „ბათუმის ნავთობის ტერმინალი“ 2008 წლის თებერვლიდან ყაზახურ კომპანიას „ყაზტრანსოილს“ ეკუთვნის.