თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა FIFA/Coca-Cola-ს განახლებულ რეიტინგში 92-დან 89-ე პოზიციაზე გადაინაცვლა და ხუთწლიანი პაუზის შემდეგ მსოფლიოს 90 საუკეთესო გუნდების სიაში დაიკავა ადგილი.
ვლადიმირ ვაისის აღსაზრდელები 1269 ქულით ერაყისა (1271) და ისრაელის (1265) ნაკრებებს შორის აღმოჩნდნენ.
ეჭვგარეშეა, რომ ქართული ნაკრების პროგრესი უეფას ერთა ლიგაში წარმატებულ ასპარეზობას უკავშირდება. ნოემბერში ვაისის გუნდმა ანდორასთან გასვლითი შეხვედრა ფრედ დაასრულა (1:1), სახლში კი ყაზახეთს მოუგო - 2:1. ამის შედეგად ევრო-2020-ის შესარჩევი ტურნირის კენჭისყრაზე საქართველოს ნაკრები მეხუთე კალათიდან მეოთხეში აღმოჩნდა.
უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს გუნდის მეტოქე - ბელარუსი FIFA/Coca-Cola-ს განახლებულ რეიტინგში 76-ე ადგილს იკავებს (1317). „D დივიზიონის“ ორი სხვა ნახევარფინალისტი მაკედონია და კოსოვო შესაბამისად 68-ე (1343) და 131-ე (1113) ადგილებს იკავებენ.
FIFA-ს რეიტინგის ტოპ-სამეული უცვლელია. მსოფლიოს უძლიერესი ნაკრებია კვლავ ბელგიაა (1727), მეორე ადგილზეა საფრანგეთი (1726), მესამეზე - ბრაზილია (1676).
პირველად ისტორიაში: ქართველი ფეხბურთელი მსოფლიო ნაკრებშია >>
2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის კენჭისყრა 2 დეკემბერს დუბლინში გაიმართება. საქართველოს ნაკრების გარდა, მეოთხე კალათში მოხვდა უნგრეთი, რუმინეთი, საბერძნეთი, ალბანეთი, მონტენეგრო, კვიპროსი, ესტონეთი, სლოვენია და ლიეტუვა.