თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი არჩევნების მეორე ტურში დიდი უპირატესობით მოიპოვებს გამარჯვებას.
საქართველოში 28 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ერთმანეთს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილი და ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გრიგოლ ვაშაძე დაუპირისპირდებიან, რომლის კანდიდატურა პრეზიდენტის პოსტზე ოპოზიციურმა გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია" წარადგინა.
„ვფიქრობთ, რომ ჩვენ დიდი უპირატესობით მოვიგებთ ამ არჩევნებს. ჩვენი ამოცანაა, რომ მინიმუმ, სადღაც 200 ათასი ხმით მაინც მოვიგოთ ეს არჩევნები. ეს არის რეალისტური და ამისთვის ვმუშაობთ", - განაცხადა კობახიძემ.
მისი სიტყვებით, ტენდენცია რომ ძალზე პოზიტიურია, ადასტურებს „ქართული ოცნების" შიდა კვლევებიც.
„ტენდენცია არის ძალიან პოზიტიური. 200 ათასი ხმა ნიშნავს დაახლოებით 56%-ს და ვფიქრობთ, რომ ეს არის რეალისტური მიზანი",- აღნიშნა კობახიძემ.
არჩევნების მეორე ტურის წინ მედიაში კანდიდატების რეიტინგებთან დაკავშირებით სხვადასხვა კვლევები გავრცელდა. ორშაბათს, პოპულარულმა ინტერნეტ-გამოცემებმა ipn.ge, ambebi.ge და kvirispalitra.ge, რომლებიც მედიაჰოლდინგ Palitra Media-ში შედიან, გამოკითხვა ჩაატარეს, რომლის თანახმად ზურაბიშვილს არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების უფრო დიდი შანსი აქვს.
წინასაარჩევნო კამპანიის დასკვნითი ფაზა - ოპონენტების ბრალდებები>>>
კითხვაზე, „ვის აძლევთ ხმას პრეზიდენტის არჩევნებზე", მკითხველთა 53%-მა ზურაბიშვილი დაასახელა, ვაშაძეზე არჩევანი კი 33%-მა შეაჩერა.
მანამდე სხვა გამოკითხვების შედეგები გამოქვეყნდა. კერძოდ, კვლევითი კომპანია Edison Research-ის თანახმად, რომელიც ოპოზიციური ტელეკომპანია Rustavi2-ის დაკვეთით ჩაატარა, კითხვაზე " დღეს რომ არჩევნები იყოს, ვის მისცემთ ხმას?", გამოკითხულთა 37%-მა ვაშაძე, 35%-მა კი ზურაბიშვილი დაასახელა.
არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 28 ოქტომბერს გაიმართა, სალომე ზურაბიშვილმა 615 ათას 572 ხმა, შესაბამისად, 38,64% მიიღო. მეორე ტურში მისმა მოწინააღმდეგე გრიგოლ ვაშაძემ კი 610 ათას 224 ხმა - 37,74% მიიღო.
საქართველოს მოსახლეობა 28 ნოემბერს ექვსი წლის ვადით რიგით მეხუთე პრეზიდენტს აირჩევს. ეს ბოლო არჩევნებია, როდესაც საქართველოს მოქალაქეები სახელმწიფო მეთაურს პირდაპირი წესით აირჩევენ. ამის შემდეგ ქვეყანა მმართველობის საპარლამენტო მოდელზე გადადის და პრეზიდენტსაც საარჩევნო კოლეგია აირჩევს.