თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც მხარს უჭერს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების მეტი შანსები აქვს, ამას მოწმობს გამოკითხვის შედეგები, რომელიც ჩაატარა მედიაჰოლდინგ Palitra Media-ში შემავალმა პოპულარულმა ინტერნეტ-გამოცემებმა ipn.ge, ambebi.ge და kvirispalitra.ge.
კითხვაზე „ვის აძლევთ ხმას საპრეზიდენტო არჩევნებზე?“ მკითხველთა 53%-მა უპირატესობა ზურაბიშვილს მიანიჭა, ხოლო 33%-მა - მის კონკურენტ გრიგოლ ვაშაძეს, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრია და ოპოზიციურ გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ წარმოადგენს.
საქართველოს პრემიერი ამომრჩეველს მაქსიმალური აქტიურობისკენ მოუწოდებს >>
გარდა ამისა, მკითხველთა შვიდ-შვიდმა პროცენტმა უპასუხა, რომ არჩევნებზე არ წავა ან ორივე კანდიდატს გადახაზავს.
გამოკითხვა 23 ნოემბერს დაიწყო და ორშაბათს დასრულდა. მასში მონაწილეობა 36,4 ათასმა ადამიანმა მიიღო. გამოკითხვაში ერთი IP-მისამართით ხმის მიცემა ერთ ადამიანს შეეძლო.
მანამდე სხვა გამოკითხვების შედეგები გამოქვეყნდა. კერძოდ, კომპანია Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, რომელიც ტელეკომპანია Rustavi2-მა დაუკვეთა, კითხვაზე „ვის მისცემდით ხმას, პრეზიდენტის არჩევნები დღეს რომ ჩატარდეს?“, გამოკითხულთა 37%-მა დაასახელეს ვაშაძე, ხოლო 35%-მა - ზურაბიშვილი.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება. პრეზიდენტის პოსტზე იბრძოლებენ ზურაბიშვილი და ვაშაძე. პირველ ტურში, რომელიც 28 ოქტომბერს ჩატარდა, ზურაბიშვილმა 38,64% დააგროვა, ვაშაძემ - 37,74%.