თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა მოქალაქეებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე გამოიჩინონ აქტიურობა და ყველა შესაძლო დანაშაულის შესახებ შესაბამის უწყებებს აცნობონ.
არჩევნები და ძალადობა საქართველოში - პასუხისგებაში 21 ადამიანია მიცემული >>
წინასაარჩევნო კამპანიის და საპრეზიდენტო არჩევნების მშვიდობიანი და მშვიდი ჩატარების მიზნით ჯერ კიდევ პირველ ტურამდე შსს-მ პოლიციელთა მობილური ჯგუფები შექმნა, რომლებიც წესრიგს მკაცრად იცავდნენ. თუმცაღა ოპოზიციური პარტიების და ზოგიერთი მედიასაშუალების წარმომადგენლები შსს-ს ძალადობის ფაქტებზე არასათანადო რეაგირებაში ადანაშაულებდნენ.
„მოვუწოდებთ ყველა პირს და ორგანიზაციას, ვინც შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით ფლობს ინფორმაციას, მოახდინონ პოლიციის ინფორმირება დაუყოვნებლივ იმისთვის, რომ სამართალდამცავების მიერ თითოეული ფაქტის გადამოწმება და სათანადო რეაგირება არჩევნების დღემდე განხორციელდეს“, - ბრიფინგზე განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შსს ნეიტრალური უწყებაა, ამიტომ ყველა კანონდამრღვევის მიმართ განურჩევლად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
მისი თქმით, შსს მზად არის ყველა დამკვირვებელს მიაწოდოს ინფორმაცია ამ დროისათვის უწყების მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ.
დღეისათვის არჩევნებთან დაკავშირებით პოლიტიკური მოტივით ჩადენილი ძალადობის ფაქტებზე სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში 21 ადამიანია მიცემული.
პოლიციელს არავინ უცემია - პროკურატურამ ოპოზიციის ბრალდებები უარყო >>
საქართველოს მოსახლეობას 28 ნოემბერს მოუწევს არჩევანის გაკეთება მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ მხარდაჭერილ დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს შორის, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრია და ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ ინტერესებს წარმოადგენს.