თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს შსს-მ 21 ადამიანი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, განაცხადა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა.
რა სარგებლობა მოაქვს არჩევნებს? >>
წინასაარჩევნო კამპანიის და საპრეზიდენტო არჩევნების მშვიდობიანი და მშვიდი ჩატარების მიზნით ჯერ კიდევ პირველ ტურამდე შსს-მ პოლიციელთა მობილური ჯგუფები შექმნა, რომლებიც წესრიგს მკაცრად იცავდნენ. თუმცაღა ოპოზიციური პარტიების და ზოგიერთი მედიასაშუალების წარმომადგენლები შსს-ს ძალადობის ფაქტებზე არასათანადო რეაგირებაში ადანაშაულებდნენ.
„წინასაარჩევნო პერიოდში მსგავსი მესიჯები ხელს უწყობს დაუსჯელობის სინდრომის დამკვიდრებას და ახალისებს ძალადობას იმ ფონზე, როცა არჩევნების დღეს პოლიციის ჩარევის შედეგად ფიზიკური დაპირისპირების არაერთი შემთხვევა იქნა თავიდან აცილებული და დღეის მდგომარეობით სამართალდამცავი ორგანოების მიერ არჩევნებთან დაკავშირებულ ძალადობის ფაქტებზე 21 პირია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.
მისი თქმით, ბრალდებულთა შორის არიან როგორც ოპოზიციის, ისე მმართველი პარტიის მომხრეები.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მედიასაშუალებებით და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ თითოეულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ხოლო იმ შემთხვევებში, სადაც მტკიცებულები არსებობდა, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
„ღირსეულად შეხვდით დამარცხებას“ – ილია მეორემ პრეზიდენტობის კანდიდატებს მიმართა >>
„კონკრეტული პირები არიან ბრალდებულები ადიგენში, თიანეთში, ქუთაისის საკრებულოში, ახალქალაქში და ონში მომხდარი ძალადობის ფაქტებზე“, - აღნიშნა მეზვრიშვილმა.
მეტიც, ამ კვირაში შსს აგრძელებს მედიასაშუალებებით და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციის გადამოწმებას და ბოლო 48 საათში უპრეცედენტო რაოდენობის (231) მოწმე გამოიკითხა.
„შედეგად, გამოკითხულ პირთა მიერ ფაქტების მნიშვნელოვანი ნაწილი არ დადასტურდა, მათ შორის არ დადასტურდა ვინმეს მხრიდან დანაშაულის ჩადენა ოზურგეთში გრიგოლ ვაშაძის პლაკატის გაკვრის დროს. ასევე, არ დადასტურდა ვალეს და სიღნაღის საბავშვო ბაღებში და სკოლებში დასაქმებულების მიმართ ზეწოლა ქართული ოცნების მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ ხმის მისაცემად“, - აღნიშნა მეზვრიშვილმა.
პრეზიდენტის არჩევნების მოგება 28 ოქტომბერს ვერცერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო, რადგან 50%-იანი ზღვარი ვერ გადალახა. მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება. მასში გადავიდნენ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გრიგოლ ვაშაძე, რომელიც ოპოზიციურ გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ წარმოადგენს.