რა შემთხვევაში გაძვირდება ისევ ბიტკოინი

© Sputnik / Levan Avlabreliმაინინგის კონფერენცია
მაინინგის კონფერენცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
კრიპტოვალუტა ბიტკოინის ფასი მსოფლიო ბირჟებზე  გასულ კვირას 5000 დოლარამდე დაეცა, რაც რეკორდულად  დაბალი მაჩვენებელია. 

თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. ბიტკოინის ფასს საერთაშორისო ბირჟებზე  მოთხოვნა–მიწოდების თანაფარდობა  განსაზღვრავს და თუ  მოთხოვნა გაიზრდება, შესაბამისად  აიწევს მისი ფასიც, მიაჩნია ციფრული ეკონომიკის ასოციაციის წარმომადგენელს ირაკლი კვარაცხელიას.

საერთაშორისო ბირჟებზე ბიტკოინის ფასმა რეკორდულ მაჩვენებელს – 20 000 აშშ დოლარს შარშან დეკემბერში მიაღწია. წელს კი ნოემბრის შუა რიცხვებში მისი ღირებულება 5000 დოლარამდე დაეცა.

„ბიტკოინზე მოთხოვნა იმ შემთხვევაში გაიზრდება, თუ მას იგივე დანიშნულება ექნება, რისთვისაც თავის დროზე შეიქმნა, კერძოდ მას გამოიყენებენ როგორც ტექნოლოგიას, მოხდება ამ ტექნოლოგიის დანერგვა, ინტეგრირება სხვადასხვა ინსტიტუტებში“, – აღნიშნა ირაკლი კვარაცხელიამ. 

Blockchain & Bitcoin Conference Georgia 2018 - Sputnik საქართველო
ბლოკჩეინში უკვე 1 500 000-ზე მეტი ამონაწერის შესახებ ინფორმაცია განთავსდა

ბიტკოინი კრიპტოვალუტის ერთ-ერთი სახეობაა. კრიპტოვალუტა — ვირტუალური ფული. ბიტკოინის მოპოვება დღეს ნებისმიერ მსურველს შეუძლია, რომელსაც შესაბამისი სიმძლავრის კომპიუტერული მოწყობილობები და სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა გააჩნია. მაინინგის პროცესში კომპიუტერები კრიპტოგრაფიული ალგორითმის გამოთვლით და ტრანზაქციების ვალიდურობის დადასტურებაში მონაწილეობით მოიპოვებენ „მონეტებს".

ირაკლი კვარაცხელიას აზრით,  ბიტკოინის მიერ საზოგადოებისთვის მოტანილი სიკეთე უფრო მეტია, ვიდრე ფულად ერთეულში გამოსახული ღირებულება.

„ბიტკოინს როგორც ტექნოლოგიას ისე უნდა შევხედოთ და შესაბამისად დავინახავთ იმ სარგებელსაც, რომელიც მოიტანა მან და მისმა მთავარმა შემადგენელმა ნაწილმა – ბლოკჩეინ ტექნოლოგიამ“, – აღნიშნა ირაკლი კვარაცხელიამ.

საქართველოში ბიტკოინის მოპოვება ძალიან პოპულარული საქმიანობაა, ქვეყანა ერთ–ერთი ლიდერია მსოფლიოში ამ კრიპტოვალუტების მაინინგში დახარჯული ელექტროენერგიის ოდენობით და ამ პროცესში შინამეურნეობების დაახლოებით 5%– ია ჩართული.

ირაკლი კვარაცხელიას აზრით, მაინერებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ქვეყანაში კრიპტოვალუტების ინდუსტრიის განვითარებაში, მაგრამ ბიტკოინის ბოლოდროინდელმა ფასმა ეს საქმიანობა ნაკლებად მომგებიანი გახადა. რასაც ვერ ვიტყვით ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე, რომელსაც განვითარების დიდი პერსპექტივა აქვს.

კონფერენცია „მაინინგი“ - Sputnik საქართველო
რატომ უღირს ბიზნესს კრიპტოვალუტით ანგარიშსწორება

„ეს არის ტექნოლოგია,  რომელსაც მთელი მსოფლიო აქტიურად აკვირდება  და თუ მოხდება მისი დანერგვა სხვადასხვა სფეროში, ეს მოაგვარებს ბიუროკრატიასთან დაკავშირებულ პრობლემებს  და არსებულ სისტემებს უფრო მოქნილს გახდის. მაგალითად: თანხის გადარიცხვა ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ან ქვეყნის შიგნით, ერთი ბანკიდან მეორე ბანკში, საჭიროებს დროს და ასევე მაღალ საკომისიო განაკვეთს. კრიპტოვალუტით ტრანზაქციის განხორციელების შემთხვევაში, დრო დადის მინიმუმამდე და შეადგენს წამებს, ასევე  საკომისიომ შეიძლება შეადგინოს 10 და მეტჯერ ნაკლები ოდენობა, ან კიდევ საერთოდ საკომისიოს გარეშე მოხდეს ტრანზაქცია“, – აღნიშნა ირაკლი კვარაცხელიამ.

საქართველო პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც  უძრავი ქონების რეგისტრაციისას  ბლოკჩეინის ინოვაციურ ტექნოლოგიას  იყენებს. პროექტი 2017 წლის თებერვალში ამოქმედდა და  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ბლოკჩეინის ქსელში უკვე მილიონ ნახევარზე მეტი ამონაწერის შესახებ ინფორმაციაა გაგზავნილი.

კრიპტომატი თბილისის სავაჭრო ცენტრში - Sputnik საქართველო
„აისი კოინი“ — დახარჯეთ ქართული კრიპტოვალუტა რესტორნებსა და კაფეებში

ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენება ყველა იმ სფეროში შეიძლება, სადაც ინფორმაციის შენახვის უსაფრთხოების მაღალი დონეა საჭირო.

ბლოკჩეინი — ეს არის ერთგვარი ელექტრონული ჟურნალი, მუდმივად მზარდი ჩანაწერების სია, რომელიც აღრიცხავს და ბლოკებად გარდაქმნის განხორციელებულ ტრანზაქციებს. ყოველი შემდეგი ბლოკი, წინას სპეციალური ალგორითმით უკავშირდება და იქ ჩაწერილი ინფორმაციის სისწორეს ადასტურებს. ბლოკები ათასობით კომპიუტერისგან შემდგარ ქსელშია გაბნეული, სადაც ჩართვა ნებაყოფლობითია. ქსელში შენახული ჩანაწერის შეცვლა ან წაშლა შეუძლებელია, რადგან ყველა კომპიუტერი ჩანაწერების საკუთარ ასლს ინახავს.

ყველა ახალი ამბავი
0