თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. ევროკომისია გეგმავს საქართველოს დახმარების სახით 231 მილიონი ევრო გამოუყოს - შესაბამის შეთანხმებებს ხელი მოეწერება ბრიუსელში ქართული სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს მთავრობა და ევროკომისია ერთობლივ სხდომას გამართავენ >>
მაღალი დონის პირველი შეხვედრა 21 ნოემბერს შედგება. იმავე დღეს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში იოჰანეს ჰანი ხელს მოაწერენ შემდეგ დოკუმენტებს: „უნარების განვითარების მხარდაჭერა“, „ეკონომიკური განვითარებისა და ბიზნესის მხარდაჭერა საქართველოში“; ხელი ასევე მოეწერება დოკუმენტს საქართველოსთვის ევროკავშირის დახმარების ერთიანი ჩარჩო პროგრამის (Single Support Framework – SSF) 2018 წლის სამოქმედო გეგმის თაობაზე.
ბრიუსელში გამართულ შეხვედრას ქართული მხრიდან უხელმძღვანელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ხოლო ევროკავშირის მხრიდან ევროკომისიის პრეზიდენტი, ჟან კლოდ იუნკერი. ისინი გახსნიან შეხვედრას, შემდეგ კი თემატური დისკუსიები გაიმართება.
„უმაღლესი დონის შეხვედრა თანამშრომლობის ახალი და უნიკალური ფორმატია, რომლის მსგავსიც ევროკავშირს სხვა ქვეყნებთან არ გააჩნია. ის ნათლად წარმოაჩენს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკას და ხელს შეუწყობს ქვეყნის ევროკავშირთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. შეხვედრაზე მოხდება ახალი ინიციატივებისა და პროექტების წარდგენა და იდენტიფიცირება, რომელთა განხორციელებაც კონკრეტულ სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყანას და კიდევ უფრო მეტად დაგვაახლოებს ევროკავშირთან სხვადასხვა დარგში“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ევროკომისიასთან განსახილველი თემატიკა მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიც არის: ეკონომიკა, ვაჭრობა და კომუნიკაციები, განათლება მეცნიერება, კულტურა და ინოვაციები, მართლმსაჯულება, შიდა უსაფრთხოება სამოქალაქო დაცვა.
ფორმატი ასევე ითვალისწინებს სექტორული ხასიათის შეხვედრებს საქართველოს მთავრობის წევრებისა და ევროკომისარების მონაწილეობით.
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ბახტაძე ევროპის საბჭოს პრეზიდენტს, დონალდ ტუსკს შეხვდება.
საქართველოს ხელისუფლება მთავარ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად ევროკავშირსა და ნატოში წევრობას ასახელებს. საქართველომ 2014 წელს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ხელი, ხოლო 2017 წლის მარტში ქვეყნის მოქალაქეებმა შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო შესვლის შესაძლებლობა მიიღეს.