თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა და ევროკომისია მიმდინარე წლის 21 ნოემბერს ბრიუსელში ერთობლივ სხდომას გამართავენ, განაცხადა სამშაბათს ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში იოჰანეს ჰანმა.
საქართველოს ევროკავშირთან მეტად დაახლოების მიზნით მხარეები საგზაო რუკის შექმნაზე მუშაობენ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სექტემბერში განაცხადა, რომ საგზაო რუკის კონცეფცია უკვე მზადაა და დამტკიცებულია ქვეყნის მთავრობის მიერ. ამჟამად ქართული მხარე დოკუმენტის შემადგენლობით ნაწილზე მუშაობს.
„ევროკავშირსა და საქართველოს ახლო ურთიერთობები აქვთ. ამის ნიშნად 21 ნოემბერს ბრიუსელში გავმართავთ მაღალი დონის შეხვედრას ევროკომისიისა და საქართველოს მთავრობის წევრებს შორის. შეხვედრის თავმჯდომარე იქნებიან ჟან-კლოდ იუნკერი და პრემიერი მამუკა ბახტაძე", – განაცხადა ჰანმა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
უფრო ადრე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა უპრეცედენტო ფორმატისთვის ემზადება, რომელიც საქართველოს მთავრობის ევროკომისიასთან შეხვედრას გულისხმობს.
"მსგავსი ფორმატი არ გააჩნია არც ერთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანას. ეს არის მხოლოდ საქართველოსთვის და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრაზე საქართველო წარდგეს მომავალზე ორიენტირებული კონკრეტული იდეებითა და გეგმებით", – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
საქართველოს ხელისუფლების მთავარი საგარეო პრიორიტეტებია ნატოსა და ევროკავშირის წევრობა. საქართველომ 2014 წელს ხელი მოაწერა ევროკავშირთან შეთანხმებას ასოცირების შესახებ, 2017 წლის მარტში ქვეყნის მოქალაქეებმა შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ შესვლის შესაძლებლობა მიიღეს.