თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. თბილისის ეკოლოგიურ პრობლემებს რიგით მეოთხე „მწვანე ფესტივალზე“ განიხილავენ, რომელიც დედაქალაქში 17 და 18 ნოემბერს გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.
ფესტივალის პირველი დღის პროგრამაში დაგეგმილია ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა ფლი მარკეტი, საჯარო ლექცია თემაზე „რა არის ქალაქი?“, ვორქშოპი „ნარჩენების ახალი სიცოცხლე“, დისკუსია „ქალაქის სატრანსპორტო და ეკოლოგიური მდგომარეობა“ და ფრანჩესკო როზის იტალიური ფილმის ჩვენება Hands over the city, რომელმაც ვენეციის კინოფესტივალზე „ოქროს ლომი“ მოიპოვა.
„მწვანე ფესტივალი“ მეორე დღეს სტუმრებს შესთავაზებს სტუდენტთა კვლევების პრეზენტაციებს, დისკუსიებს „ქალაქის სოციალური გარემო“ და „ქალაქის გენდერული ასპექტები“, ასევე სემინარს „ეკო-საპონი“ და მუსიკალურ კონცერტს.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალზე მისული ადამიანები შეძლებენ ხელი მოაწერონ თბილისის მერის სახელზე შედგენილ პეტიციას, რომელიც თბილისში ტრამვაის დაბრუნებას გულისხმობს.
თბილისის მერია: ჰაერის დაბინძურებაზე სანქციები გამკაცრდება >>
ღონისძიება გაიმართება ბარში Politika (დავით აღმაშენებლის, 164). ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.