თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე გამოვიდა ეკოომბუდსმენის თანამდებობის შემოღების ინიციატივით, რომელიც ეკოლოგიის სფეროს დარღვევებს დააკვირდება.
„ქართულმა ოცნებამ“ გასულ ხუთშაბათს გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ბახტაძე პრემიერობის კანდიდატად დაასახელა. ოთხშაბათს დეპუტატები მამუკა ბახტაძის ახალ მთავრობას ნდობას გამოუცხადებენ.
„ჩვენი ბუნება ქვეყნის მთავარი აქტივია. ის შედეგი, რომელიც ამ წლებში მივიღეთ, სავალალოა, ამიტომ მე საქართველოს პარლამენტს შევთავაზებ, რომ შემოვიღოთ ეკოომბუდსმენის პოსტი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, საჯარო სექტორთან ერთად უფრო აქტიურად დავიცვათ და განვავითაროთ ჩვენი ბუნება“, — განაცხადა ბახტაძემ.
მისი თქმით, ახალი პოსტი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა, საქართველოში „მწვანე ეკონომიკის“ განვითარებისთვის და მომავალი თაობისთვის ბუნების შენარჩუნებისთვის.
პრემიერ-მინისტრობა — ყველაზე არასტაბილური სამსახური საქართველოში >>
საქართველოს სატყეო ფონდი 2,9 მილიონი ჰექტარის ფართობს იკავებს, საიდანაც 2,7 მილიონი ჰექტარი დაფარულია ტყეებით, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიის 40%-ს შეადგენს.