აი, ესაა ის მთავარი კითხვები, რაზეც საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა გასცეს დღეს პასუხი. მანამ, სანამ უმრავლესობა ახალ პრემიერ-მინისტრს, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი კი მინისტრობის ახალ კანდიდატებს დაასახელებს, თვალი გადავავლოთ, რამდენი პირველი პირი ჰყავდა საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ და რა კვალი დაამჩნიეს მათ საქართველოს განვითარებას.
მთავრობის მეთაურის თანამდებობა 1918 წელს წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებისთანავე დაწესდა და მას მთავრობის თავმჯდომარე ეწოდა. შემდეგ იყო საბჭოთა კავშირი და მოსკოვში მოწონებული ქვეყნის მმართველები, რომელთაგან ბევრს დღესაც პატივისცემით მოიხსენიებენ საქართველოში…
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა აღდგა 1991 წლის აგვისტოში და მოქმედებდა 1992 წლის თებერვლამდე.
1995 წელს საქართველო საპრეზიდენტო რესპუბლიკა გახდა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობა გაუქმდა. 2004 წლის 6 თებერვალს განხორციელებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებით ისევ შემოიღეს პრემიერ-მინისტრის პოსტი. 2010 წლიდან კი სააკაშვილმა, რაკი პრეზიდენტობის ორივე ვადა ამოწურული ჰქონდა, საპარლამენტო რესპუბლიკად ქვეყნის გარდაქმნა და პრემიერ-მინისტრის პოსტზე ხანგრძლივი ვადით დარჩენა გადაწყვიტა, მაგრამ მოგეხსენებათ, ასეთი ოცნებები ყოველთვის როდი სრულდება. მას 20-30 წლით სურდა ხელისუფლების სათავეში ყოფნა.
ოფიციალურად პრემიერ-მინისტრად საქართველოს სულ 18 მმართველი იწოდებოდა, მაგრამ ჩვენ ვეცადეთ, თვალი გადაგვევლო, რა ტრადიცია ხვდება საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრს…
1918 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველოს მთავრობას სულ ერთი წლის განმავლობაში მთავრობის ორი მეთაური ჰყავდა — 1918 წლის 26 მაისს სოციალ-დემოკრატი ნოე რამიშვილი გახდა ქვეყნის მმართველი, მაგრამ სულ ორი თვით. 24 ივლისიდან 25 თებერვლამდე კი ქვეყანას ნოე ჟორდანია მართავდა.
საბჭოთა პერიოდში საქართველომ 8 სახალხო კომისარიის თავმჯდომარე გამოცვალა, 1946 წლიდან კი — 11 ხელმძღვანელი პირი. დამოუკიდებელი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობას სულ 3 დღის განმავლობაში ასრულებდა მურმან ომანაძე, შემდეგ ქვეყანას სულ რამდენიმე თვით ბესარიონ გუგუშვილი მართავდა, რომელიც ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის შემდეგ თენგიზ სიგუამ შეცვალა, რომლის სახელთანაც მრავალი საინტერესო ფაქტია დაკავშირებული. 1993 წლის 5 აგვისტოდან 20 აგვისტომდე, სულ 15 დღის განმავლობაში, პრემიერის მოვალეობას თავად ედუარდ შევარდნაძე ასრულებდა. შემდეგი ორი წელი კი მან ქვეყნის მართვის საჭე მისთვის უფრო სანდო პირს, ოთარ ფაცაციას ჩააბარა.
1995 წლის 5 ოქტომბერს ქვეყნის პრემიერ მინისტრი გახდა ბაკურ გულუა. ამის შემდეგ საქართველოში სახელმწიფო მინისტრის პოსტი იყო შემოღებული, რომელზეც ყველაზე ხანგრძლივი ვადით ნიკო ლეკიშვილი საქმიანობდა, ის სამი წელი ასრულებდა სახელმწიფო მინისტრის მოვალეობას.
ნიკო ლეკიშვილი ვაჟა ლორთქიფანიძემ შეცვალა, რომელიც 1998-200 წლებში ასრულებდა ამ მოვალეობას, ხოლო 2000 წელს ის ჯერ გიორგი არსენიშვილმა, შემდეგ კი ავთანდილ ჯორბენაძემ შეცვალა.
2003-2005 წლებში საქართველოს პრემიერ მინისტრი იყო ზურაბ ჟვანია.
2005 წლის 3 თებერვლიდან 17 თებერვლამდე 15 დღის განმავლობაში ამ მოვალეობას მიხეილ სააკაშვილი ასრულებდა, რომელიც ორი წლის ვადით ზურაბ ნოღაიდელმა შეცვალა. სხვათა შორის, ნოღაიდელი დღესაც აქტიურ პოლიტიკური საქმიანობას ეწევა და როგორც ამბობენ, ქართულ ენერგეტიკას მართავს და კახი კალაძის ერთ-ერთი სანდო მრჩეველია.
2007 წლის 16 ნოემბრიდან 22 ნოემბრამდე 7 დღის განმავლობაში პრემიერ-მინისტრის პოსტი გიორგი ბარამიძემ დაიკავა, რომელმაც თავი 7 ნოემბრის აქციის დარბევით დაგვამახსოვრა.
2007-2008 წლებში პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე იყო, 2009-2012 წლებში კი — ნიკა გილაური, რომელიც, სხვათა შორის, საკმაოდ კარგი სახელით წამოვიდა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან და დღესაც ეკონონმიკური რეფორმების კუთხით ცდილობს კონსულტაციები მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს გაუწიოს.
ერთადერთი საინტერესო ინციდენტი, რაც მის სახელს უკავშირდება, ერთ-ერთ ეგზოტიკურ ქვეყანაში მისი დახვედრის ცერემონია იყო. დღემდე უცნობია, როგორ შეიკავა თავი ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრმა გულიანი გადახარხარებისაგან, როცა შიშველი მამაკაცები მის წინაშე ეროვნულ ცეკვას ასრულებდნენ.
მძიმე და უიღბლო აღმოჩნდა ვანო მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრობა. ის პრემიერ-მინისტრი სულ 5 თვე იყო — 2012 წლის ივლისიდან ოქტომბრამდე და ხელისუფლება არჩევნებში გამარჯვებულ ბიძინა ივანიშვილს გადააბარა, რომელმაც საქართველოს მთავრობას ზუსტად ერთი წელი უხელმძღვანელა.
ბიძინა ივანიშვილი 2013 წლის ნოემბერში პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილმა შეცვალა, ის კი 2015 წლის 30 დეკემბერს — გიორგი კვირიკაშვილმა.
როგორც ირკვევა, კვირიკაშვილი საქართველოს პრემიერი ყველაზე ხანგრძლივად იყო „ქართული ოცნებიდან“. მან, როგორც ვიცით, 13 ივნისს გააკეთა განცხადება გადადგომის შესახებ პარტიის თავმჯდომარესთან აზრთა სხვადასხვაობის გამო. თუმცა შეკრებაზე, რომელიც წინა დღეს ოცნების ოფისში გაიმართა, ბიძინა ივანიშვილს მისთვის შეუხსენებია, სამი თვეა, უკვე ყოველდღე მპირდები, გადავდგები და გადავდგებიო…
როგორც ავტორი და მკითხველიც დაასკვნის, პრემიერ-მინისტრობა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე არასტაბილური სამსახურია, თუმცა მისკენ ადამიანები რატომღაც დიდი სიხარულით ისწრაფვიან, რადგან ჩვენნაირ ქვეყანაში ეს დიდი ძალაუფლებისა და სწრაფი გამდიდრების წყაროა.
რეალურად კი, დამოუკიდებელ საქართველოს სულ ოთხი მმართველი ჰყავდა — რეალური გადაწყვეტილების მიმღები პირები — ზვიად გამსახურდია, ედუარდ შევარდნაძე, მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი.
ვინც არ უნდა გახდეს შემდეგი პრემიერ-მინისტრი, მას, ბუნებრივია, საპარლამენტო უმრავლესობის და პარტიის თავმჯდომარის კურსის გატარება მოუწევს, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ წინაა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და ის გუნდს უნდა ჩაუდგეს სათავეში ამ არჩევნების მოსაგებად. ჩვენი პროგნოზით, ამ პოსტზე დღეს საღამოს მამუკა ბახტაძე დასახელდება, რომელიც ვალებში ჩაფლულ საქართველოს მოსახლეობას გარკვეულ სიახლეებს შესთავაზებს. ბანკირებთან დაახლოებულ პრემიერ-მინისტრს ბანკების თვითნებობის წინააღმდეგ მებრძოლი ბახტაძე ჩაანაცვლებს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!