შევარდნაძე, გენშერი და... სტიუარდესა

© photo: Sputnik / Ter-Mesropyan / გადასვლა მედიაბანკშიედუარდ შევარდნაძე და ჰანს დიტრიხ გენშერი
ედუარდ შევარდნაძე და ჰანს დიტრიხ გენშერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
Sputnik-ი პროექტის „25 წელი საბჭოეთის გარეშე“ ფარგლებში განაგრძობს „ნამდვილი ისტორიების“ გამოქვეყნებას. ეს თვითმხილველების მიერ ნაამბობი სახალისო და საინტერესო ისტორიებია.

საქართველოს ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მთავარი მრჩევლის ზურაბ რეხვიაშვილის მიერ ნაამბობი ისტორია ჟურნალისტმა ბესიკ ფიფიამ ჩაიწერა.

1996 წელს საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გერმანიაში გაემგზავრა ოფიციალური ვიზიტით. დელეგაციაში, რომელიც ხელისუფლებისა და ბიზნესის წარმომადგენლებისგან შედგებოდა, 42 კაცი შედიოდა. ბონში ფედერალურ კანცლერ ჰელმუტ კოლთან გაიმართა შეხვედრა. საღამოს, საზეიმო ვახშამზე ედუარდ შევარდნაძემ ზურაბ რეხვიაშვილს უხმო და ჰკითხა:

— ზურაბ, დალევას აპირებთ?

— დიახ, ბატონო პრეზიდენტო, — ღიმილით უპასუხა მრჩეველმა.

— დღეს თავი შეიკავეთ, ხვალ საქმე გვაქვს.

ნანი ბრეგვაძე და ბესიკ ფიფია - Sputnik საქართველო
ლეონიდ ბრეჟნევი და ნანი ბრეგვაძე, ანუ „ეძებეთ ნონია!“

მეორე დღეს ცნობილი გახდა, რომ ედუარდ შევარდნაძე მიუნხენში მიიწვია ჰანს–დიტრიხ გენშერმა. პრეზიდენტს ოთხი კაცი ახლდა თან: ზურაბ რეხვიაშვილი, გელა ჩარკვიანი (მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში), ნოდარ გუგუციძე (გერმანისტი) და კახი ქენქაძე (პრეზიდენტის პირადი თარჯიმანი). დელეგაცია მცირე ზომის ვიპ-თვითმფრინავით გაფრინდა, რომლის სალონიც ელიტურ სასტუმრო ოთახს ჰგავდა. მაგიდა ათასნაირი ნუგბარითა და სასმელებით გაეწყოთ. თვითმფრინავში ყოფნას მხოლოდ უსაფრთხოების ღვედების გამო თუ იგრძნობდით.

აღმოჩნდა, რომ რომელიღაც მგზავრს დანა-ჩანგალი არ ჰქონდა და გრძელფეხება, მოკლე ქვედაბოლოში გამოწყობილი სტიუარდესა ბუფეტთან მივიდა და უჯრებში მათ ძებნას შეუდგა: ზედა უჯრიდან დაიწყო და ქვემოთ ჩაუყვა, თან სულ უფრო და უფრო დახრა უწევდა. როცა სულ ბოლო, ანუ ქვემოდან პირველ უჯრას მიადგა, კაბის კალთა უკვე ლამის წელამდე ჰქონდა აწეული. ასე რომ, მგზავრებს მთელი სისრულით წარმოუდგათ თვალწინ „ციური“ გამცილებლის დიდებული და მიმზიდველი ფორმები.

დიტრიხ გენშერმა და ედუარდ შევარდნაძემ, რომლებიც ორი გერმანიის გაერთიანების თემას იხსენებდნენ, საუბარი შეწყვიტეს და მზერა იმ ადგილს მიაპყრეს, სადაც სტიუარდესას უნაკლო ფეხები ერთდებოდა. გერმანელმა პოლიტიკოსმა ზევითკენ ცერშემართული ხელი გაიშვირა ქართველი კოლეგისკენ და ისეთი სახე მიიღო, თითქოს ეკითხებოდა, აბა, როგორ მოგწონს, ხომ მაგარიაო?

— ჩემო დიტრიხ, — უთხრა შევარდნაძემ. — ჩვენ ამისთვის უკვე დავბერდით. 

— ედუარდ, მართალი არ ხართ, — შეეკამათა გენშერი. — ჩვენ კი არ დავბერდით, უბრალოდ, გავზარმაცდით.

ყველა ახალი ამბავი
0