1971 წლის მაისში ლეონიდ ბრეჟნევი საქართველოს ეწვია — რესპუბლიკას ოქტომბრის რევოლუციის ორდენი გადასცა და მე-18 სადესანტო არმიის სარდალს, გენერალ კონსტანტინე ლესელიძეს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიანიჭა (სიკვდილის შემდეგ), რომლის ხელქვეითადაც მსახურობდა თავად ბრეჟნევი ახალგაზრდობაში.
მოკლედ, საბჭოთა ლიდერმა ქება-დიდება არ დაიშურა რესპუბლიკის მშრომელებისთვის.
მის საპატივსაცემოდ თბილისში სამხედრო აღლუმიც ჩატარდა, საზეიმო დემონსტრაციაც მოეწყო და კონცერტიც გაიმართა გურამ საღარაძის, ზურაბ ანჯაფარიძის, ლიანა ისაკაძის, ელისო ვირსალაძის, ზურაბ სოტკილავას, ლამარა ჭყონიას, ნანი ბრეგვაძისა და სხვათა მონაწილეობით. საღამოს კი „მაღალ სტუმარს“ საზეიმო სუფრა გაუშალეს.
საქართველოსა და რუსეთის სახალხო არტისტი ნანი ბრეგვაძე იხსენებს:
„მე და ჩემი ბიძაშვილი ცისანა საყვარელიძე, რომელიც ასევე მღეროდა, სუფრაზე ბრეჟნევის პირდაპირ აღმოვჩნდით. გენმდივანმა ყურადღება მოგვაქცია, სახელი მკითხა. ვუპასუხე, ნანი მქვია-მეთქი.
— ესე იგი, ჩვენებურად, ნონია, — თქვა ლეონიდ ილიჩმა და ცისანას მიუბრუნდა:
— თქვენ რაღა გქვიათ?
— ცისანა, — უპასუხა ჩემმა ბიძაშვილმა.
— გასაგებია, ესე იგი, ანია. მითხრეს, რომ რომანსებს მღერით კარგად. ეს სიმღერა იცით?— არ მახსოვს, რომელ სიმღერაზე მკითხა ბრეჟნევმა, მაგრამ ის კი მახსოვს, ვუპასუხე, არა-მეთქი.
საბჭოთა კავშირის გენერალურ მდივანს გვერდით საქართველოს ცკ-ის მდივანი ვასილ მჟავანაძე ეჯდა. შეეშინდა, გოგოები მისი უდიდებულესობის თხოვნას არ ასრულებენო და ნერვიულად დაიწყო მაგიდაზე თითების კაკუნი. თან ბრეჟნევს არწმუნებდა, როგორ არა, იციან ეს სიმღერაო.
— დიახ, ვიცით, — თქვა უცბად ცისანამ და მომიბრუნდა: — ნანი, ვერ ხვდები, რომელ სიმღერას ამბობს? აი ამას…
და ვიმღერეთ — მართლა კარგად ვიმღერეთ, ლეონიდ ილიჩსა და მის ამალას მოეწონათ, ტაშიც დაგვიკრეს“.
კრემლის ბატონ-პატრონმა მომღერლები შეაქო. მერე კი ნანისკენ მარჯვენა ხელი გაიშვირა და უთხრა:
— ნონია, ნახეთ, საქორწინო ბეჭედი არ მიკეთია, სპეციალურად მოვიხსენი, რომ გეფიქრათ, უცოლოაო.
ყველამ გაიცინა.
მეორე დღეს თბილისში ხმა დაირხა, გენმდივანმა ერთ უცნაურსახელიან ქართველ მომღერალ ქალს, ვინმე ნონიას ცოლობა სთხოვაო. ეძებეს, ჩხრიკეს, ვინ იყო ეს „ნონია“ და ამ ძებნაში ნანი ბრეგვაძეს მიადგნენ, შენ ხომ არ ხარ ის ქალიო?
— არა, — უთხრა ნანიმ. — ეძებეთ ნონია!