თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. საქართველოდან იმპორტირებული კარტოფილი, რომელშიც ღეროვანი ნემატოდა აღმოჩნდა, ჯერ კიდევ აზერბაიჯანშია საბაჟო კონტროლის ქვეშ, იუწყება „Sputnik–აზერბაიჯანი" სახელმწიფო საბაჟო კომიტეტზე დაყრდნობით.
აზერბაიჯანმა საქართველოს ტონობით დაავადებული კარტოფილი უკან დაუბრუნა >>
მანამდე, 9 ნოემბერს, აზერბაიჯანის მედია სასურსათო უვნებლობის სააგენტოს პრეს-მდივნის მანსურ პირიევის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ 26 ტონა დაავადებული კარტოფილი საქართველოში დააბრუნეს. საქართველოში ეს ინფორმაცია მაშინვე უარყვეს.
„საბაჟო კონტროლის დროს გაჩნდა ეჭვი პროდუქტში მავნე ორგანიზმების შემცველობის კუთხით. ამასთან დაკავშირებით შესაბამისმა საბაჟო სტრუქტურებმა სასურსათო უვნებლობის სააგენტოს მიმართეს“, - ნათქვამია საბაჟო კომიტეტის განცხადებაში.
მას შემდეგ, რაც ლაბორატორიული კვლევებით კარტოფილში ღეროვანი ნემატოდა გამოვლინდა, გადაწყდა იმპორტირებული საქონლის საქართველოში დაბრუნება. კარტოფილის ტრანსპორტირება სადღესასწაულო და უქმე დღეების გამო დაგვიანდა.
„კარტოფილი საბაჟო კონტროლის ქვეშ არის და უმოკლეს ვადებში შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ უკან დაბრუნდება“, - აღნიშნეს კომიტეტში.
საქართველოში საქონლის დაბრუნების შემდეგ განმეორებითი ლაბორატორიული კვლევა ჩატარდება.
„კარტოფილის დაბრუნების შემთხვევაში სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში ტვირთი განმეორებით ფიტოსანიტარულ კონტროლს გაივლის, ჩატარდება მისი ლაბორატორიული კვლევა. შემდგომი ღონისძიების გატარების მიზნით ინფორმაცია სურსათის ეროვნულ სააგენტოში გადაიგზავნება“, - ციტირებს Новости-Грузия საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.
აზერბაიჯანში გაგზავნილ კარტოფილის პარტიას ფიტოსანიტარული სერტიფიკატი ახლდა.
კარტოფილის ღეროვანი ნემატოდა – ესაა მრგვალი ჭიების მრავალრიცხოვან წარმომადგენელთა შორის ერთ-ერთი, რომელიც, როგორც წესი, აზიანებს მცენარის, განსაკუთრებით, კარტოფილის ნიადაგში მყოფ ნაწილს.
კარტოფილის სათანადო შენახვის პირობებში დაინფიცირება არ ხდება, ჯანსაღი ნაყოფი საცავებში მომატებული ტენიანობის დროს ავადდება.