თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ დაარღვია რამდენიმე კანონი, როდესაც პარლამენტის შენობასთან მოკლული მოზარდის მამის, ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად კარვების დადგმის საშუალება არ მისცა, განაცხადა ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ წინასაარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ.
აქცია „კარვებით ვიცავთ თავისუფლებას“ პარლამენტის წინ შაბათ საღამოს დაიწყო. ორგანიზატორები წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან. შაბათს ისინი მივიდნენ პარლამენტის შენობასთან და კარვების გაშლა სცადეს, მაგრამ თავდაპირველად პოლიციამ ამაში ხელი შეუშალა.
მოგვიანებით ეს პოლიციასთან შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა, თუმცა შაბათის „ბრძოლა“ არასამთავრობოებმა მოიგეს. მათ კარვების გაშლა მაინც მიხერხეს. მედიის ინფორმაციით, ამ მომენტში პარლამენტის წინ 17 კარავი დგას. ღამით კარვების რაოდენობა მეტი იყო, თუმცა გამთენიისას არასამთავრობოებმა თავისი კარვების დაშლა დაიწყეს და აღნიშნეს, რომ მათ თავის მიზანს მიაღწიეს.
პოლიციასთან მომხდარი შეხლა-შემოხლის დროს შეუძლოდ გახდა სარალიძის დედა, შემდეგ კი თავად ზაზა. „სასწრაფო დახმარების“ ბრიგადებმა ისინი რიგ-რიგობით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„მათ დაარღვიეს კონსტიტუციის 25-ე მუხლი, რომლითაც გარანტირებულია შეკრების თავისუფლება. ასევე დაარღვიეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლი, რომლითაც უზრუნველყოფილია შეკრებებისა და გაერთიანების თავისუფლება. ადგილი ჰქონდა მშვიდობიანი შეკრების ხელშეშლას და სამართალდამცველების მხრიდან უკანონო ქმედებას. თუ ვინმეს ჰგონია, რომ კანონი ხართ თქვენ, ასე არ იქნება ამ ქვეყანაში“, – განაცხადა ვაშაძემ.
გახარია: „გამოვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს, გავაძლიერებთ შესაბამის დანაყოფებს“ >>
შაბათის მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი შს მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა. მისი თქმით, სამართალდამცველებს ჰქონდათ კონკრეტული ინფორმაცია, რომ მზადებოდა დესტაბილიზაცია, და სწორედ ამიტომ არ მისცეს მათ მომიტინგეებს კარვის დადგმის შესაძლებლობა.
„მოვისმინეთ შს მინისტრის განცხადება, რომელიც აბსურდულ საკითხებზე საუბრობს, დესტაბილიზაციაზე. ვინ აწყობს დესტაბილიზაციას, შვილმოკლული მამები, თუ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. არ გაგივათ ეს ყველაფერი“, – განაცხადა ვაშაძემ.
კარვების ქალაქის მოწყობა მას შემდეგ გადაწყდა, რაც თბილისის მერიამ სარალიძეს სხვა ადგილას გადასვლა სთხოვა, რადგან პარლამენტის წინ საახალწლო ნაძვის ხე უნდა დაიდგას.
„გუშინდელი დღე იყო ღირსეული პასუხი იმ დამცინავ წერილზე, რომელიც პირადად თბილისის მერმა, ბატონმა კალაძემ შვილმოკლულ მამებს გაუგზავნა. თურმე, ნაძვის ხეები უნდა დაიდგას და შვილმოკლულ მამებს აღარ აქვთ უფლება საკუთარი ინტერესების დაცვის და სამართლიანობის, კანონის უზენაესობის მოთხოვნის უფლება. ეს ყველაფერი არის დანაშაული“, - აღნიშნა ვაშაძემ.
ტრაგედიის პოლიტიზირება არ შეიძლება – ივანიშვილი სარალიძის დაკავების შესახებ >>
სარალიძესთან ერთად საპროტესტო აქციაში მონაწილეობს პანკისის ხეობის მკვიდრი მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომლის ვაჟს სპეცდანიშნულების რაზმმა 2017 წლის დეკემბერში ცნობილი ტერორისტი ჩატაევის დაკავების მიზნით ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლა.
მოზარდების მკვლელობა
16 წლის მოსწავლეების დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული გახდა. ორივე მოზარდი 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის №51 და 1-ლი ექსპერიმენტული სკოლების უფროსკლასელთა შორის ხორავას ქუჩაზე მასობრივი ჩხუბის შედეგად დაიღუპა.
სასამართლომ ჩხუბის ორ მონაწილეს განაჩენი 6 თვის შემდეგ გამოუტანა. ერთ-ერთი — გ.ბ. დამნაშავედ ცნეს ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში, მეორე ბრალდებული გ.ჯ. დამნაშავედ მხოლოდ განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნეს. შესაბამისად, სასამართლომ დღემდე ვერ დაასახელა დავით სარალიძის მკვლელი.
სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. სარალიძის მამამ საგამოძიებო ორგანოები მკვლელების დაფარვაში დაადანაშაულა.
პროტესტის ფონზე გადადგა მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, შსს-მ დაიწყო გამოძიება საქმის დეტალების დაფარვის შესახებ და დააკავა სამი ადამიანი, მათ შორის ერთი მოზარდი.