წინასაარჩევნო გამოცანა, ანუ რატომ უფასურდება ლარი?

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსავალუტო ჯიხური
სავალუტო ჯიხური - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიტიკური სუიციდის მცდელობა თუ უნიათობა, რა ხდება ფინანსურ ბაზარზე, რა აფერხებს ლარის გამყარებას, როცა მეზობელ ქვეყნებში ამერიკული დოლარის პოზიციები სუსტდება, რა რესურსი აქვს მთავრობის ეკონომიკურ გუნდს და გადაიყოლებს თუ არა ხელისუფლებას ლარის ვარდნა?

ქვეყანაში მწვავე სავალუტო კრიზისია. უკვე ერთი თვეა ლარი გაუფასურებას განაგრძობს და ისეთი პირი უჩანს, რომ უახლოეს დღეებში ამ პროცესს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს. ძნელი არ არის იმის განჭვრეტა, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებზეც აისახება, და არა ხელისუფლების სასიკეთოდ.

სპეციალისტები ღიად აღნიშნავენ, რომ ქვეყნის მთავარი საფინანსო ინსტიტუტი დაბნეულია და ეროვნული ვალუტის გასამყარებლად ზომებს ვერ იღებს. ეროვნული ბანკის განმარტებით კი, ლარის კურსის მერყეობას ამჯერად ე.წ. „სეზონურობა“ განაპირობებს. ეროვნული ვალუტის საშემოდგომო გაუფასურება გამოიწვია იმპორტზე მოთხოვნის ზრდამ, რაც ტრადიციულად საახალწლო პერიოდს უკავშირდება.

ვალუტის გაცვლის პუნქტი - Sputnik საქართველო
რა ელოდება ლარს: პროგნოზები და მიზეზები

ეროვნული ბანკის აღმასრულებული დირექტორი ვახტანგ ბურკიაშვილი: „მეოთხე კვარტალი, ვიცით, რომ ეროვნული ვალუტისთვის დაძაბული პერიოდია. წინასაახალწლო სამზადისია იმპორტიორებსა და მომხმარებლებში. შესაბამისად, იზრდება უცხოურ ვალუტაზე, მეტწილად ამერიკულ დოლარზე მოთხოვნა. რაიმე განსაკუთრებული პანიკის მიზეზი ან გარემოება არ არსებობს, ლარის გაუფასურების სხვა ფაქტორები გამორიცხულია...“

ეროვნული ვალუტის კურსის დაცემის ერთ-ერთ ძირითად მიზეზად მეზობელი და მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების დევალვაციაა დასახელებული. არადა, ბოლო ერთი თვის განმავლობაში რეგიონის სახელმწიფოთა ვალუტები დოლართან მიმართებაში მყარდებიან ან სტაბილურობას ინარჩუნებენ.

ლოგიკურია კითხვა − რა ხდება სინამდვილეში? ანალიტიკოსთა ნაწილი მიგვანიშნებს, რომ ქვეყანაში მაკროეკონომიკური პრობლემებია, რაც ეკონომიკის სეზონურობას უკავშირდება.

ქართული ეროვნული ვალუტა - ლარი - Sputnik საქართველო
ლარს არაფრის ეშინია ანუ რა ემართება ქართულ ვალუტას

ფინანსისტი პაატა ბაირახტარი: „უცხოური ვალუტის შემოდინების ერთ-ერთი მთავარი წყარო ექსპორტია. ის აგვისტოს თვესთან შედარებით 304 მილიონი დოლარით შემცირდა. უცხოური ვალუტის კიდევ ერთი წყარო – ტურიზმი ასევე კლების ტენდენციით ხასიათდება. აგვისტოში ქვეყანას 1.3 მილიონი ვიზიტორი ეწვია, სექტემბერში კი უკვე მილიონზე ნაკლები. ფულადი გზავნილებიც, მართალია, მცირედით, მაგრამ შემცირებულია. თუ ამ ყველაფერს დავუმატებთ საბიუჯეტო სახსრების ათვისების დაბალ ტემპებსაც – აგვისტოს თვეში ინფრასტრუქტურული პროექტების მხოლოდ 34 პროცენტი იყო ათვისებული – საკმაოდ ნათელს სურათს მივიღებთ, თუ რატომ უფასურდება ლარი. ასე რომ, მეზობლებზე გადაბრალებას ჯობს დავსხდეთ და სიმართლეს გავუსწოროთ თვალი, ასე უფრო ადვილი იქნება პრობლემის გადაჭრა...“

ეროვნული ვალუტის კურსის ფორმირების მექანიზმიდან გამომდინარე ვერ ვიტყვით, რომ ბიუჯეტის ხარჯვა პირდაპირ კორელაციაშია ლარის გაუფასურებასთან, თუმცა ზეგავლენის მოხდენა ნამდვილად შეუძლია. თუ ხელოვნურად გაიზარდა მიმოქცევაში არსებული ლარის მასა, მოთხოვნა-მიწოდების მარტივი კანონზომიერებიდან გამომდინარე, მასზე მოთხოვნა და, შესაბამისად, ფასიც შემცირდება. მსგავს სიტუაციებში კი ეროვნული ბანკის როლი დიდია. მან უნდა აკონტროლოს მიმოქცევაში არსებული ფულის მასა მის ხელთ არსებული მონეტარული ინსტრუმენტებით, უმთავრესად – დროული სავალუტო ინტერვენციებით.

ფინანსისტების და ექსპერტ-ანალიტიკოსების უმრავლესობა ვარაუდობს, რომ დროის მოკლე პერიოდში ლარის კურსი 2.80 ნიშნულს გასცდება. მათი შეფასებით, ამ ეტაპზე მთავრობის ეკონომიკური გუნდი საფინანსო სისტემაში არსებულ გამოწვევებს ვერ უმკლავდება.

ამერიკული დოლარი - Sputnik საქართველო
ფულის შოვნის „შემოვლითი გზა“, ანუ სესხიც საოცნებო გახდა...

ფინანსისიტი ნიკა შენგელია: „მთავრობა აჩერებს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე თანხის გამოყოფას, რათა ლარის მასა არ გაიზარდოს, ხოლო ეროვნული ბანკი რეზერვიდან აღარ უშვებს ბრუნვაში ლარს, რათა კურსი არ გაუფასურდეს, მაგრამ ამას კარგად ვერც ერთი ახერხებს და ვერც – მეორე. ერთადერთი, რაც ლარის სასიკეთოდ მოქმედებს, საერთაშორისო ბაზრებზე დოლარის შესუსტებული პოზიციაა, მაგრამ ასეც დიდხანს არ გასტანს. 8 ნოემბრიდან, ძალიან მაღალი ალბათობით, დოლარის გაძლიერებაა მოსალოდნელი. ასე რომ, ეროვნულ ვალუტას რთული პერიოდი უდგას. რეალობა გაცილებით მძიმეა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ ლარის კურსი 2.80-ს არ გასცდეს. ეს იმის შედეგია, რომ მთავრობის ეკონომიკური გუნდი ცუდად მუშაობს...“

ქართული ვალუტა - ლარი - Sputnik საქართველო
დავით კიკვიძე: „ლარის უფრო მეტად გაუფასურება მოსალოდნელია“

ფინანსისტების ნაწილი ვარაუდობს, რომ კატასტროფული შედეგის ასაცილებლად მთავრობა გაცვლითი კურსის ფორმირების პროცესში ჩარევას დაიწყებს.

ფინანსისტი ვახტანგ ხომიზურაშვილი: „დღეს პროგნოზის გაკეთება რთულია, რადგან კურსი ძალიან მგრძნობიარეა და დამოკიდებულია სავალუტო ბაზრის მონაწილეებზე – ვინ როგორ იმოქმედებს კურსის ფორმირების პროცესში. ასეთ ვითარებაში მთავრობა შეეცდება 2.75-ის ფარგლებში შეინარჩუნოს კურსი, მაგრამ ეს არ იქნება ადვილი. ლარზე მკვეთრი ზემოქმედება უნდა მოახდინონ, რომ კურსმა 2.75-ს არ გადააჭარბოს. ასეთ შემთხვევაში ფსიქოლოგიური ფაქტორი მოიხსნება. ეკონომიკური პარამეტრების გავლენა ნაკლებად მოსალოდნელია. ძალზე მნიშვნელოვანია – როგორი პოლიტიკური ვითარება იქნება. ეროვნული ვალუტა სამკურნალოა და საჭიროა ფუნდამენტური რეფორმები, მათ შორის საკანონმდებლო სივრცეში...“

სამწუხაროდ, კეთდება ნეგატიური პროგნოზიც, ექსპერტების ერთი ნაწილი ვარაუდობს, რომ მთავრობასა და ეროვნულ ბანკს მორიგ სავალუტო კრიზისთან გამკლავება გაუჭირდება.

ლარის კურსი - Sputnik საქართველო
აქვს თუ არა მთავრობას ლარის სტაბილიზაციის გეგმა

ანალიტიკოსი გოჩა თუთბერიძე: „ნეგატიური პოლიტიკური ფონია, რაც არასტაბილურობის განცდას ქმნის. საეჭვოა ასე დიდხანს გაგრძელდეს, რადგან კურსს მაინც მაკროეკონომიკური წონასწორობა განსაზღვრავს. პოლიტიკური ფაქტორის გავლენა თანდათან შესუსტდება. ახლა მოდის ის პერიოდი, როცა იმპორტი მატულობს, თავისთავად ცხადია, კურსზე წნეხი დიდი იქნება, რადგან იმპორტიორებს სჭირდებათ უცხოური ვალუტა და მოთხოვნა გაჩნდება. გარდა ამისა, დაახლოებით სამი მილიარდია დასახარჯი ბოლო ორ თვეში, რაც კურსზე უარყოფითად იმოქმედებს და გაუფასურება გარდაუვალია. ძალიან ცუდ დღეში არიან, საეჭვოა, რომ მთავრობა და ეროვნული ბანკი ამ ყველაფერს გაუმკლავდნენ...“

მოკლედ, ეროვნული ვალუტის უახლოეს მომავალზე სასიკეთოს არავინ ამბობს. ფინანსისტები მთავრობისა და ეროვნული ბანკის მისამართით რეკომენდაციებს უხვად იძლევიან და ღიად მიანიშნებენ, რომ დროა ლარის გაუფასურების მიზეზები არა ქვეყნის გარეთ, არამედ საკუთარ ქმედებაში ეძიონ. შეისმენენ თუ არა – დრო გვიჩვენებს... ამასობაში კი ლარის ვარდნამ შესაძლოა ხელისუფლებაც გადაიყოლოს...

 

ყველა ახალი ამბავი
0