პაატა ბურჭულაძემ კობა დავითაშვილს სასამართლოში უჩივლა

© photo: Sputnikპაატა ბურჭულაძე
პაატა ბურჭულაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასამართლო სხდომა  6 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩაინიშნა.

თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. მსოფლიოში ცნობილმა საოპერო მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ პარლამენტის ყოფილ წევრ კობა დავითაშვილს ცილისმწამებლური განცხადებებისთვის სასამართლოში უჩივლა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

სხდომა 6 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩაინიშნა.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ივანიშვილმა განაცხადა, რომ ბურჭულაძე მას ცხრა მილიონ დოლარს სთხოვდა

ტელეკომპანიის ცნობით, საქმე ეხება ერთ-ერთ მედიასაშუალებაში კობა დავითაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან ბურჭულაძე ფონდ „იავნანაში“ საქველმოქმედო მიზნებით შემოსული თანხების მოპარვაში დაადანაშაულა.

ფონდ „იავნანას“ ინფორმაციით, ბრალდების მხარე ცილისმწამებლური ცნობების უარყოფას და მორალური ზიანის ანაზღაურებას 25 000 ლარის სახით მოითხოვს, რაც მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს გადაერიცხებათ.

პაატა ბურჭულაძის ადვოკატის, მარიამ ჩიქოვანის განცხადებით, კობა დავითაშვილმა ეს განცხადება ერთ-ერთი ინტერნეტ-ტელევიზიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გააკეთა.

საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „იავნანა" 2004 წელს დაფუძნდა. „იავნანა" პირველივე დღეებიდან მზრუნველობამოკლებულ მიუსაფარ და ობოლ ბავშვთა თავშესაფარი გახდა. ფონდის ეგიდით მრავალი საქველმოქმედო აქცია-კონცერტები გაიმართა როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ. როგორც ფონდის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, მიღებული შემოსავალი მთლიანად ბავშვების დახმარებას ხმარდება.

პაატა ბურჭულაძე - Sputnik საქართველო
სკანდალი ფონდ „იავნანას" ირგვლივ: ბურჭულაძე პრემიერ–მინისტრს დახმარებას სთხოვს

ქველმოქმედებისთვის გაერომ პაატა ბურჭულაძეს 2006 წელს კეთილი ნების ელჩის წოდება მიანიჭა. ათი წლის შემდეგ ბურჭულაძემ ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პოსტი დატოვა და პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა – დააარსა საკუთარი პარტია „სახელმწიფო ხალხისათვის". მას შემდეგ, რაც პარტია საპარლამენტო არჩევნებზე დამარცხდა, ბურჭულაძემ პოლიტიკა დატოვა.

2017 წლის სექტემბერში საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ფონდის ხელმძღვანელობის, მათ შორის, პაატა ბურჭულაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" წარმომადგენლების განცხადება, რომელშიც ისინი მიუთითებდნენ, რომ ფონდ „იავნანას" ხელმძღვანელი პირების მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონოდა საქველმოქმედო მიზნებისთვის მოპოვებული თანხების არამიზნობრივ ხარჯვას და მართლსაწინააღმდეგო მითვისებას.

სკანდალი პაატა ბურჭულაძის ირგვლივ – სად მიდიოდა „იავნანას" თანხები >>

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით „სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მითვისება-გაფლანგვა", რაც 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის მონაცემებით, გამოძიება, ფაქტობრივად, დასკვნით ეტაპზეა.

რაც შეეხება კობა დავითაშვილს, ის პარლამენტის ოთხი მოწვევის დეპუტატი იყო. VIII მოწვევის პარლამენტში (21-10-2012 - 18-11-2016) საარჩევნო ბლოკიდან „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ პარტიული სიით მოხვდა.

ყველა ახალი ამბავი
0