სკანდალი ფონდ „იავნანას" ირგვლივ: ბურჭულაძე პრემიერ–მინისტრს დახმარებას სთხოვს

© Sputnik / Alexander Imedashviliპაატა ბურჭულაძე
პაატა ბურჭულაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პაატა ბურჭულაძემ საქართველოს პრემიერ–მინისტრი ფონდ „იავნანას“ საქველმოქმედო გალა–კონცერტზე მიიწვია

თბილისი, 19 ოქტომბერი  — Sputnik.  მსოფლიოში ცნობილმა  ოპერის ვარსკვლავმა პაატა ბურჭულაძემ საქართველოს პრემიერ–მინისტრ მამუკა ბახტაძეს წერილით მიმართა და იმ მრავალშვილიანი ოჯახებისა და წარჩინებული სტუდენტებისთვის დახმარება სთხოვა,   რომელთაც ადრე ფონდი „იავნანა“ ეხმარებოდა.

საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „იავნანა" 2004 წელს დაფუძნდა. „იავნანა" პირველივე დღეებიდან მზრუნველობამოკლებულ მიუსაფარ და ობოლ ბავშვთა თავშესაფარი გახდა. ფონდის ეგიდით მრავალი საქველმოქმედო აქცია-კონცერტები გაიმართა როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ. როგორც ფონდის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, მიღებული შემოსავალი მთლიანად ბავშვების დახმარებას ხმარდება.

სკანდალი პაატა ბურჭულაძის ირგვლივ – სად მიდიოდა „იავნანას" თანხები>>>

ქველმოქმედებისთვის გაერომ პაატა ბურჭულაძეს 2006 წელს კეთილი ნების ელჩის წოდება მიანიჭა. ათი წლის შემდეგ ბურჭულაძემ ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პოსტი დატოვა და პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა – დააარსა საკუთარი პარტია „სახელმწიფო ხალხისათვის". მას შემდეგ, რაც პარტია საპარლამენტო არჩევნებზე დამარცხდა, ბურჭულაძემ პოლიტიკა დატოვა.

2017 წლის სექტემბერში საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ფონდის ხელმძღვანელობის, მათ შორის, პაატა ბურჭულაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" წარმომადგენლების განცხადება, რომელშიც ისინი მიუთითებდნენ, რომ ფონდ „იავნანას" ხელმძღვანელი პირების მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონოდა საქველმოქმედო მიზნებისთვის მოპოვებული თანხების არამიზნობრივ ხარჯვას და მართლსაწინააღმდეგო მითვისებას. 

პაატა ბურჭულაძე - Sputnik საქართველო
ბურჭულაძე გამოიძახეს არა ბისზე, არამედ პროკურატურაში

„უკვე ერთი  წელია ფონდი ვეღარ აკეთებს თავის საქმეს, სოციალურად დაუცველი ოჯახები ვეღარ იღებენ იმ დახმარებას, რომელსაც ფონდი ყოველწლიურად გასცემდა. მე დღეს მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას. დაეხმარეთ მათ, ვისაც ძზალიან უჭირს, ვიდრე „იავნანა“ სრულფასოვან მუშაობას არ დაიწყებს. იზრუნეთ ამ ადამიანებზე, საქართველოს მოქალაქეებზე“, – განაცხადა ბურჭულაძემ პრესკონფერენციაზე.

საოპერო მომღერალმა პრემიერ–მინისტრს წერილთან ერთად წარჩინებული სტუდენტების, რომლებიც სწავლის საფასურს ვერ იხდიან და 400 მრავალშვილიანი გაჭირვებული ოჯახის სიაც გაუგზავნა.

 „წერილთან ერთად მე გიგზავნით ფონდის შესახებ ბროშურას, რათა გაეცნოთ  14 წლის მანძილზე ფონდ “იავნანას” მიერ გაწეული საქმიანობა და ასევე 25 ოქტომბერს დაგეგმილი საქველმოქმედო გალა–კონცერტის ორ მოსაწვევს“, – აღნიშნა ბურჭულაძემ.

მისი სიტყვებით, ამ გალა–კონცერტით ფონდი „იავნანა“ ახალ სიცოცხლეს დაიწყებს და განაახლებს თავის მოღვაწეობას.

 „მათ ბოდიში უნდა მოიხადონ ჩვენს წინაშე, რადგანაც წელიწადნახევარია გამოძიება მიმდინარეობს და მათ ვერაფერს მიაღწიეს“, – განაცხადა ბურჭულაძემ.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით „სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მითვისება-გაფლანგვა", რაც 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის მონაცემებით, გამოძიება, ფაქტობრივად, დასკვნით ეტაპზეა.

ყველა ახალი ამბავი
0