თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „იავნანას" ხელმძღვანელი პაატა ბურჭულაძე ფონდის ფულადი სახსრების შესაძლო მითვისებისა და გაფლანგვის საქმეზე საქართველოს მთავარ პროკურატურაშია დაბარებული, იუწყება სააგენტო Новости-Грузия უწყების პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე ფონდ „იავნანას" თანხების შესაძლო მითვისების საქმეზე სექტემბერში არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" განცხადების შემდეგ აღძრა. მიზეზი ინტერნეტ-პორტალ Pos TV-ზე გასული ფილმი გახდა, რომელშიც ნათქვამია, რომ ფონდ „იავნანა" თანხების დიდ ნაწილს ითვისებს და ქველმოქმედებითვის არ ხარჯავს.
„მთავარ პროკურატურაში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით 13 დეკემბერს გამოძახებულია ფონდ „იავნანას" დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე. საქმე ეხება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით ფონდის სახსრების მითვისება-გაფლანგვის შესაძლო ფაქტს. უწყება პაატა ბურჭულაძის ოჯახის წევრმა დღეს, 11 დეკემბერს ჩაიბარა", — ნათქვამია განცხადებაში.
ბურჭულაძის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მზადაა გადადოს ყველა კონცერტი, თბილისში ჩამოფრინდეს და გამოძიებასთან ითანამშრომლოს.
ფილმში ნათქვამია, რომ ხუთი წლის განმავლობაში ფონდმა შემოწირულობების სახით 9,5 მლნ ლარი მიიღო, საიდანაც 3 მლნ-ზე მეტი ადმინისტრაციულ ხარჯებზე დახარჯა, 2,4 მლნ ლარი საქველმოქმედო ღონისძიებების ორგანიზებაზე, ხოლო ქველმოქმედებაზე 3,2 მლნ ლარზე მეტი.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით („სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისება ან გაფლანგვა"), რაც 7-დან 11 წლამდე პატიმრობით ისჯება.
მსოფლიოში აღიარებულმა საოპერო მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „იავნანა" 2004 წელს დააფუძნა. დაარსების დღიდან „იავნანა" ობოლი და მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის თავშესაფარი გახდა. ფონდის ეგიდით მრავალი საქველმოქმედო აქცია-კონცერტი გაიმართა როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ. როგორც ფონდის ვებგვერდზეა აღნიშნული, შემოსული თანხები მთლიანად მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს ხმარდება.
2006 წელს გაერომ პაატა ბურჭულაძეს საქველმოქმედო საქმიანობისთვის გაეროს კეთილი ნების ელჩის წოდება მიანიჭა. 2016 წელს, პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ, პაატა ბურჭულაძემ ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პოსტი დატოვა.