თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა მსოფლიოში აღიარებულ საოპერო მომღერალს პაატა ბურჭულაძეს ბრალი დასდო იმაში, რომ მან 9 მილიონი დოლარი მოითხოვა იმისთვის, რომ მათი თანამებრძოლი გამხდარიყო.
ბურჭულაძემ სექტემბერში განაცხადა, რომ ივანიშვილი მას პრეზიდენტის პოსტს, ასევე „დიდ ფულს" სთავაზობდა, მაგრამ მან უარი თქვა. ბურჭულაძემ 2016 წლის მაისში შექმნა თავისი პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის" და კოალიციაში „ახალ მემარჯვენეებთან" და „სამოქალაქო პლატფორმა - ახალ საქართველოსთან" საპარლამენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. საარჩევნო ბლოკმა 5-პროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახა და, შესაბამისად, პარლამენტში ვერ მოხვდა.
„მეუღლესთან ერთად მესტუმრა და მითხრა, რომ გარკვეული პირობების შემთხვევაში თანახმა იქნებოდა, პოლიტიკაში ჩვენი თანაგუნდელი გამხდარიყო. მან დაასახელა ცხრა მილიონი დოლარი, რაზეც მე ვუთხარი – რას ნიშნავს ეს? მან – სცენიდან ვერ წამოვალო დანაკარგების გამო. მე ჯერ მივანიშნე – თქვენ შეგიძლიათ დარჩეთ სცენაზე, გააგრძელოთ და პარალელურად იყოთ ჩვენი მხარდამჭერი. არა, ორივე ერთად არ შემიძლიაო“, – თქვა ივანიშვილმა ქვეყნის სამი წამყვანი ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში.
როგორც ივანიშვილი აცხადებს, მან ბურჭულაძეს უთხრა, რომ შეიძლებოდა მისი ჰონორარის განხილვა და ნახევრად ხუმრობით თვლა დაიწყო. იმის გათვალისწინებით, რომ ბურჭულაძე თავისი კარიერის პიკზე არ იმყოფებოდა, თანხას, რომელიც მან მოითხოვა, მხოლოდ ორასი წლის განმავლობაში თუ მოაგროვებდა.
„დავითვალეთ კიდევ ორივემ ნახევრად ხუმრობით. მილიონს ვერ გავცდით. კარგი, უკეთეს შემთხვევაში შეიძლება ორი მილიონი იყოს და ამით დავასრულეთ საუბარი, რომ ეს არასერიოზული იყო", – განაცხადა ივანიშვილმა.
ის ამტკიცებს, რომ მეორე დღეს ივანიშვილთან ბურჭულაძის მეუღლე მივიდა საბანკო ანგარიშით, რათა მას ფული გადაერიცხა.
„მეორე დღეს მისმა (პაატა ბურჭულაძის) მეუღლემ დარეკა და, ჩემდა გასაოცრად, იღებს ჩანთიდან ფურცელს, მაწვდის ანგარიშს, ორ მილიონს ხომ გვაძლევ, აი, ორი მილიონი გადაიხადე, ხომ დაგვპირდიო. მე ვუთხარი, არა, არა, მე ასეთი რამ არ მითქვამს, უბრალოდ შეფასებაში ვიყავით-მეთქი და ეს ანგარიშიც დატოვა, ძალიან ცუდ დღეშიც ჩამაგდო. საღამოს გადავურეკე და ვუთხარი, არა-მეთქი, მე ასეთი სურვილები არ გამაჩნია", – თქვა ივანიშვილმა.
ივანიშვილმა ასევე გაიხსენა ბურჭულაძესთან პირველი შეხვედრა, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაიმართა.
მისი განცხადებით, როდესაც შეხვდნენ, მაშინ პოლიტიკაში ახალი მოსული იყვნენ და ბურჭულაძეს მართლა სთხოვა "ქართული ოცნების" მხარდაჭერა. ამაზე მომღერალმა უპასუხა, რომ სცენაზე უნდოდა დარჩენა. ივანიშვილმა ეს მადლიერებით შეაფასა და საჯაროდ განაცხადა, რომ ბურჭულაძეს არ სურს პოლიტიკაში ჩაბმა და ის ამას მიესალმება.
ივანიშვილი: ზურაბიშვილი - პრეზიდენტობის ღირსეული კანდიდატია>>
საპარლამენტო არჩევნებზე წაგების შემდეგ ბურჭულაძე გარკვეული პერიოდი არ ჩანდა. ის ტელევიზიის ეკრანებზე მისი საქველმოქმედო ფონდ „იავნანას" გარშემო ატეხილი სკანდალის გამო გამოჩნდა. 2017 წლის სექტემბერში საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ფონდის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" წარმომადგენლების განცხადება, რომელშიც ისინი მიუთითებდნენ, რომ ფონდ „იავნანას" ხელმძღვანელი პირების მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონოდა საქველმოქმედო მიზნებისთვის მოპოვებული თანხების არამიზნობრივ ხარჯვას და მართლსაწინააღმდეგო მითვისებას.
თავად ბურჭულაძე ამას პოლიტიკურ შეკვეთას უწოდებს და ყველაფერში ივანიშვილს ადანაშაულებს.
„ბურჭულაძე ამბობს, რომ ყველაფერი კანონიერი იყო. ამ დროს პროკურატურა აცხადებს, რომ რაც ჩვენმა საზოგადოებამ შესწირა „იავნანას", იმ შემოწირულობის მხოლოდ მესამედი იყო დახარჯული ქველმოქმედებაზე. ორი მესამედი არის გაურკვეველი დანახარჯები. მათ რიცხვში არის 700 000 ლარი მისი მეუღლის ხელფასებზე, მათ მგზავრობასა და მოგზაურობაზე. ბურჭულაძეს მეც დავუსვამ აქედან კითხვას – ამას თვლის კანონიერად, რომ 700 000 დახარჯეს საკუთარ თავზე? იმას თვლის კანონიერად, რომ მხოლოდ ერთი მესამედი მოახმარა მოსახლეობიდან შემოწირული თითო ლარიდან, რომ უსახლკარო ბავშვებისთვის ბინები ეყიდა?!" – აღნიშნა ივანიშვილმა.
მან მომღერალს მოუწოდა, ჟურნალისტებთან ელემენტარულად მაინც განმარტოს ეს ვითარება.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით „სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მითვისება-გაფლანგვა", რაც 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის მონაცემებით, გამოძიება, ფაქტობრივად, დასკვნით ეტაპზეა.