კახეთში შუასაუკუნეების დროინდელი აკლდამა აღმოაჩინეს

© FB / Gurjaani Municipalityშუასაუკუნეების აკლდამა ვეჯინში
შუასაუკუნეების აკლდამა ვეჯინში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოფელ ვეჯინში აღმოჩენილ აკლდამას სპეციალისტები მნიშვნელოვან არქეოლოგიურ ობიექტად მიიჩნევენ

თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. სოფელ ვეჯინის ხეობაში მიმდინარე მიწის სამუშაოების დროს, სავარაუდოდ, საგვარეულო აკლდამა აღმოაჩინეს, ნათქვამია გურჯაანის რაიონის მერიის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ადგილობრივებმა უძველესი ნაგებობა აღმოაჩინეს სრულიად შემთხვევით, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დროს.

ფიტარეთის მონასტრის მახლობლად უძველესი ნამონასტრალი აღმოაჩინეს >>

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსი სპეციალისტის, თამაზ მარკოზაშვილის ინფორმაციით, ორგანყოფილებიანი აკლდამა, რომელიც სავარაუდოდ, გვიანდელ შუა საუკუნეებს განეკუთვნება, ნაშენია აგურით კირის დუღაბზე. აკლდამის სიგრძე დაახლოებით 6 მეტრია, სიგანე კი 3 მეტრამდე.

პეტრას ციხე - Sputnik საქართველო
არქეოლოგიური აღმოჩენა აჭარაში: იარაღი და საყოფაცხოვრებო ნივთები

აკლდამის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჭრილი მიწის თხრილში შეინიშნება დუღაბით ნაშენი სხვადასხვა ნაგებობათა ფრაგმენტები, ხოლო ერთგან დიდი ტევადობის მთლიანი ქვევრიცაა აღმოჩენილი, რომელსაც თავზე ქვის მრგვალი სარქველი ახურავს.

იქვე დგას ხუთსართულიანი მრგვალი კოშკი, რომელიც ცნობილია თავად აბაშიძეების კოშკის სახელით და შესაძლოა ქრონოლოგიურად იყოს დაკავშირებული ამ არქეოლოგიურ აღმოჩენასთან.

მარკოზაშვილის თქმით, აკლდამა წარმოადგენს მნიშვნელოვან არქეოლოგიურ ობიექტს და აუცილებელია არქეოლოგიური კვლევების ჩატარება.

მეათე საუკუნის ისტორიულ წყაროებში ვეჯინი ნახსენებია როგორც „ვეჟინი“. დღეისათვის იქ 30-ზე მეტი ისტორიული ძეგლია აღმოჩენილი.

ყველა ახალი ამბავი
0