თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში მდებარე პეტრას ბიზანტიური ციხის ტერიტორიაზე არქეოლოგებმა უძველესი საყოფაცხოვრებო ნივთები, საბრძოლო და შრომის იარაღები აღმოაჩინეს.
ციხე ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანემ ააგო VI საუკუნეში. ხანგრძლივი ალყის შემდეგ კარგად გამაგრებული ქალაქი სპარსელებმა ჩაიგდეს ხელში. შემდეგ სპარსელებმა ამ მიდამოებში ომი წააგეს, მაგრამ ციხე აქ გამართულ ბრძოლებს შეეწირა.
"კოშკის დაწვისა და დანგრევის შემდეგ მისი აღდგენა არავის უცდია. ამის გამო უცვლელად იქნა შემონახული პეტრას ციხეზე VI საუკუნეში წარმოებული ბრძოლის შედეგები", — აღნიშნულია აჭარის მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
აღმოჩენილია რკინის საბრძოლო ცულები, სატევრები, შუბისპირები, ისრისპირები, მუზარადი, ჯაჭვის პერანგისა და ფარის ნაშთები, მრავალრიცხოვანი კერამიკული ნაწარმი და 95 ვერცხლის მონეტა.
აქვე აღმოჩნდა ადამიანის დამწვარი ძვლების ფრაგმენტები, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მებრძოლები ციხის დაცვას შეეწირნენ.
აღმოჩენებს სამშაბათს აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი ზურაბ პატარაძე გაეცნო.
2017 წელს ციხის ტერიტორიაზე სხვა უნიკალური მასალებიც იპოვეს. არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ ციხე ეგრისის სამეფოს ტერიტორიაზე მიმდინარე ბრძოლებისას დაწვეს და დაანგრიეს.
პეტრას ციხის ტერიტორიაზე ბიზანტიური ეპოქის ნაშთების კვლევითი სამუშაოები აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით უკვე 2 წელია მიმდინარეობს. პროექტში ქართველ არქეოლოგ დავით ნასყიდაშვილთან ერთად მონაწილეობენ ედინბურგელი მკვლევარები ემანუელე ინტალიატა და მარტა კარლოტა რავიცა.
პეტრა — ეგრისის სამეფოს ისტორიული ციხე-სიმაგრეა. აღნიშნული ტერიტორია, რომელსაც გააჩნდა უნიკალური სამხედრო-სტრატეგიული და სავაჭრო-ეკონომიკური მდებარეობა, ისტორიულად წარმოადგენდა ლაზების დასახლებას.
"პეტრა" ბიზანტიური სახელწოდებაა, ხოლო ქართულ წყაროებში ის აგრეთვე „ქაჯეთის ციხედ“ არის ცნობილი. ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს, რომ სწორედ ეს ციხე არის მოხსენიებული "ვეფხისტყაოსანში".