ფიტარეთის მონასტრის მახლობლად უძველესი ნამონასტრალი აღმოაჩინეს

გამოწერა
სპეციალიტები ვარაუდობენ, რომ მონასტრის უძველესი ნაგებობა VIII-IX საუკუნეების დარბაზული ეკლესია უნდა ყოფილიყო.

თბილისი, 22 მარტი — Sputnik. ქვემო ქართლში, ფიტარეთის მონასტერთან ახლოს უცნობი სამონასტრო კომპლექსის ნანგრევები აღმოაჩინეს, ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

სააგენტოს ამის შესახებ ინფორმაცია კომპანია RMG-მ მიაწოდა, რომლის სპეციალისტებმაც არქიტექტურულ ობიექტს „ბნელი ხევის“ ტერიტორიაზე სამთო გეოლოგიურ-სამძებრო სამუშაოებისას ტყეში მიაგნეს.

დღევანდელი მონაცემებით, ნამონასტრალი ფიტარეთის მონასტრის ჩრდილო-აღმოსავლეთით 3 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს.

სააგენტოს ხელოვნებათმცოდნეების, ისტორიკოსებისა და არქიტექტორების ჯგუფი ადგილზე ვითარებას იმ მკვიდრ მცხოვრებლებთან ერთად გაეცვნენ, რომელთაც შესაძლებელი იყო ნამონასტრალის შესახებ ინფორმაცია ჰქონოდათ. აღმოჩნდა, რომ მონასტრის შესახებ ცნობები არ მოიპოვება არც ისტორიულ წყაროებსა და არც სამეცნიერო ლიტერატურაში. უფრო მეტიც, ადგილობრივი მოსახლეობისთვის მისი სახელი უცნობია.

სპეციალისტების შეფასებით, მონასტერი ძლიერაა დანგრეული, გარშემო მიმობნეულია არქიტექტურული დეტალები, ძველი სტელების ფრაგმენტები. დიდი ნაწილი მიწითაა დაფარული.

სპეციალიტები ვარაუდობენ, რომ მონასტრის უძველესი ნაგებობა VIII-IX საუკუნეების დარბაზული ეკლესია უნდა ყოფილიყო. 8,4 მეტრი სიგრძისა და 5 მეტრი სიგანის ზომის ეკლესია კლდის ნამტვრევი ქვითაა ნაგები. მის გამორჩეულ ხუროთმოძღვრულ ელემენტს წარმოადგენს ნახევარწრიულად შვერილი აფსიდა.

ეკლესიის კედლებში ნაპოვნია ქვაჯვართა ორნამენტირებული ფრაგმენტები, ერთ-ერთ მათგანზე ნიამორის რელიეფური გამოსახულებაა გამოსახული. კედლებში ასევე ჩადგმულია ბრტყელი ფილები, რომლებიც, სავარაუდოდ, საფლავის ქვებს უნდა წარმოადგენდნენ.

სავარაუდოდ, XIII საუკუნეში ეკლესიას სამხრეთიდან მიშენებული აქვს ნათალი ქვით ნაგები კარიბჭე, რომლის სტრუქტურას ორკალთა გადახურვა აქვს. აღმოსავლეთ ეკლესიის კედლებზე მლოცველთა სხვადასხვა პერიოდის მინაწერებია ამოკაწრული.

ეკლესიის ირგვლივ შეინიშნება გალავნის ნანგრევები და სენაკების კვალი.

სამეცნიერო შესწავლის შემდეგ სააგენტო სამონასტრო კომპლექსის კონსერვაციას გეგმავს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს უკვე დაწყებული აქვს გამოვლენილი ობიექტისთვის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების პროცედურები.

ყველა ახალი ამბავი
0