თბილისი, 27 ოქტომბერი - Sputnik. მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ საპრეზიდენტო არჩევნების დღეს პროვოკაციების დაგეგმვაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაადანაშაულა.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობას 25 კანდიდატი მიიღებს.
ექსპერტების მოსაზრებითა და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, პრეზიდენტის სავარძლისთვის ძირითადი ბრძოლა მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილ დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს, ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ მიერ წარდგენილ კანდიდატ, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ წევრ გრიგოლ ვაშაძესა, და მის ყოფილ თანაპარტიელს, ამჟამად პარტია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ საპრეზიდენტო კანდიდატ დავით ბაქრაძეს შორის გაიმართება.
„გვაქვს წინასწარი ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი პროვოკაციული ქმედებების შესახებ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები აპირებენ უბნებზე უამრავი საჩივრის დაწერას და ხელოვნური რიგების შექმნას, ხოლო არჩევნების შემდეგ ცესკო-ს შენობასთან ადამიანების მობილიზებას საპროტესტო აქციის ჩასატარებლად.
„არჩევნების ჩატარება თავისუფალ და მშვიდ ვითარებაში ჩვენი სახელმწიფოს განსაკუთრებული პრიორიტეტია. აქედან გამომდინარე, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველა საარჩევნო გადაცდომაზე, რომელი პარტიის წარმომადგენლისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის, უმკაცრესი რეაგირება“, - განაცხადა კობახიძემ.
შსს-მ მობილური ჯგუფები შექმნა: არჩევნებთან დაკავშირებით უწყება განცხადებას ავრცელებს >>
პარლამენტის სპიკერმა ყველა პოლიტიკურ პარტიას პროვოკაციებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა და გააფრთხილა, რომ შსს ყველა დარღვევაზე მკაცრ რეაგირებას მოახდენს.