თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. ტელეკომპანია Iberia TV-ს თანამშრომლებმა კუთვნილი ხელფასისა და ფულადი კომპენსაციის ანაზღაურების მოთხოვნით ტელევიზიის შენობის წინ აქცია გამართეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი სასამართლოსთვის მიმართვას აპირებენ.
ტელეკომპანია Iberia TV-მ მაუწყებლობა შეწყვიტა>>>
Iberia TV-მ მაუწყებლობა ოქტომბრის შუა რიცხვებში შეწყვიტა. მანამდე არხის წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ტელეკომპანია დახურვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდებოდა იმის გამო, რომ ხელისუფლებამ მისი ერთადერთი სპონსორის, კომპანია Omega Group Tobacco-ს ანგარიშები დააყადაღა. კომპანიას სახელმწიფოს წინაშე 52,8 მილიონი ლარი დავალიანება დაუგროვდა. ამასთან, უშუალოდ ტელეკომპანიის დავალიანებამ 87 ათასი ლარი შეადგინა. ორივე კომპანია Omega Group-ში შედის.
„სადაც არ უნდა ვიყოთ, ჩვენ სიტყვის თავისუფლება უნდა დავიცვათ და ეს ყველამ უნდა გაიგოს, რადგან აშკარაა, რომ ვიღაცას რაღაც არ ესმის. აქ ყოველთვის იყო საუბრები რაღაც დარღვევებზე, დაწყებული ჩვენი ხელშეკრულებებით, სამუშაო დროით - აბსოლუტურად ყველაფერი ირღვეოდა, ჩვენთვის პასუხი არავის აქვს", – განაცხადა ტელეკომპანიის პროფკავშირის თავმჯდომარემ გიორგი ჯიბღაშვილმა.
მისი სიტყვებით, ტელეკომპანიის თანამშრომლებს ხელფასებს ადრეც სისტემატურად არაკეთილსინდისიერად უხდიდნენ.
„ჩვენ დღეს ამ ყველაფრის გასაპროტესტებლად მოვედით და ვაცხადებთ, რომ ჩვენ სასამართლო დავას დავიწყებთ და სასამართლოში შევხვდებით", – განაცხადა აქციაზე ჯიბღაშვილმა.
ტელევიზიის შენობის შესასვლელთან გამოფენილია პლაკატები წარწერით „მე ვიცავ იბერიას", „იბერია ხალხს ეკუთვნის", „იბერიისგან სიმართლე ისმის".
მას შემდეგ, რაც საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ Omega Group Tobacco-ს ანგარიშები დააყადაღა, რეიტინგული ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში Omega Group-ის მფლობელ ზაზა ოქუაშვილის მონაწილეობით სკანდალური აუდიოჩანაწერები გავრცელდა. ერთ-ერთი ჩანაწერის თანახმად, ოქუაშვილი საუბრობს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ექს–მინისტრ ლევან ყიფიანთან, რომელიც მისგან დიდ თანხას და ძვირადღირებულ მანქანებს ითხოვს მთავრობის სხვა ჩინოვნიკებისთვის, რათა ისინი მას ვალის რესტრუქტურიზაციაში დახმარებოდნენ.
აუდიოჩანაწერების სხვა ნაწილში ოქუაშვილი კომპანიის აქციონერებთან საუბრობს და ბიზნესის სირთულეებს განიხილავს. ასევე გავრცელდა ოქუაშვილის საუბარი ბიძინა ივანიშვილის ძმასთან ალექსანდრე ივანიშვილთან, რომელიც ოქუაშვილს ერთ-ერთ ბიზნესში ჩასმას სთხოვს.
ელიტური კორუფცია საქართველოში – „ფეიკი" თუ... ექს-მინისტრის სკანდალური აღიარება>>>
საქმე იქამდე მივიდა, რომ ოქუაშვილმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ იძულებული გახდა ლევან ყიფიანისთვის მმართველი პარტიისთვის განკუთვნილი 1 780 ათასი დოლარი გადაეცა.
სკანდალური აუდიოჩანაწერების გავრცელების შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა „ქართული ოცნება" ელიტურ კორუფციაში დაადანაშაულეს, ხელისუფლებამ კი ოპოზიციის მზაკვრობაზე დაიწყო საუბარი.
კომპანია Omega Group-თან დაკავშირებული თითქმის ყველა აუდიოჩანაწერი, რომელმაც ქვეყანაში სკანდალი გამოიწვია, მონტაჟია, ასეთია საქართველოს მთავარი პროკურატურის ინიციატივით ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა.