თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ ორგანიზებით დედა ენის ბაღში „კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალზე“ პარტიის ლიდერი, პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე დააკავეს, იუწყება პირველი არხი.
არსებული ინფორმაციით, ჯაფარიძესთან ერთად კიდევ რამდენიმე პირია დაკავებული. ასევე დღეს დილით „გირჩის“ ორი წევრი - იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილიც დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაანონსებულ ფესტივალთან დაკავშირებით ორი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ექნება რაიმე ტიპის სამართალდარღვევას - ნარკოტიკული საშუალების გასაღებას, ფლობას, მოხმარებას თუ პოპულარიზაციას, პოლიცია ყველა სამართალდამრღვევი პირის მიმართ გაატარებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მკაცრ ზომებს.
„როგორც იცით, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სამინისტროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე პრიმა მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით უკვე დაწყებული აქვს, რაც მცენარე კანაფის ან მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღებას გულისხმობს.
პოლიციამ იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა“, – განაცხადეს შსს-ში.
პოლიტიკური ორგანიზაცია „გირჩი" 2015 წელს იმ პოლიტიკოსების ჯგუფმა ჩამოაყალიბა, რომლებმაც ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დატოვეს. ორგანიზაცია ერთ-ერთ მიზნად მარიხუანის მოხმარების ლეგალიზაციას ასახელებდა.
2018 წლის ივლისში „გირჩის" ლიდერებმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმე მოიგეს და მარიხუანის გამოყენების ლეგალიზაციას მიაღწიეს.
2018 წლის დასაწყისში „გირჩის“ ლიდერების მორიგი არაორდინარული ინიაციატივა საკუთარი კრიპტოვალუტის შექმნას უკავშირდება.