თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. „ახალი პოლიტიკური ცენტრი — გირჩის“ და მისი ლიდერის, პრეზიდენტობის კანდიდატის ზურაბ ჯაფარიძის მიერ დაანონსებული კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალი ჯერ არ დაწყებულა, თუმცა პარტიის წევრები იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი დედაენის ბაღიდან უკვე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, იუწყება პირველი არხი შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.
პრეზიდენტობის კანდიდატი, პოლიტიკური მოძრაობა „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე 20 ოქტომბერს 16:20 საათზე „დედაენის ბაღში“ კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალის ჩატარებას გეგმავს და ფესტივალის მიმდინარეობისას მისი როგორც პრეზიდენტობის კანდიდატის დაკავებას პროგნოზირებს. როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, 20 ოქტომბრის ფესტივალზე შეკრებილ ხალხს გართობის საშუალება ექნება.
ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ინფორმაციით, ხვიჩია და მეგრელიშვილი დედაენის ბაღში დააკავეს. ამ დროისათვის ადგილზე უკვე მობილიზებულია პოლიციის გაძლიერებული შემადგენლობა. ზურაბ ჯაფარიძის თქმით, რომელიც ასევე დედაენის ბაღში იმყოფება, ხვიჩია და მეგრელიშვილი ცხრეკის მიზნით დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაანონსებულ ფესტივალთან დაკავშირებით ორი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ექნება რაიმე ტიპის სამართალდარღვევას - ნარკოტიკული საშუალების გასაღებას, ფლობას, მოხმარებას თუ პოპულარიზაციას, პოლიცია ყველა სამართალდამრღვევი პირის მიმართ გაატარებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მკაცრ ზომებს.
„როგორც იცით, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სამინისტროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე პრიმა მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით უკვე დაწყებული აქვს, რაც მცენარე კანაფის ან მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღებას გულისხმობს.
პოლიციამ იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა“, – განაცხადეს შსს-ში.
პოლიტიკური ორგანიზაცია „გირჩი" 2015 წელს იმ პოლიტიკოსების ჯგუფმა ჩამოაყალიბა, რომლებმაც ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დატოვეს. ორგანიზაცია ერთ-ერთ მიზნად მარიხუანის მოხმარების ლეგალიზაციას ასახელებდა.
2018 წლის ივლისში „გირჩის" ლიდერებმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმე მოიგეს და მარიხუანის გამოყენების ლეგალიზაციას მიაღწიეს.
2018 წლის დასაწყისში „გირჩის“ ლიდერების მორიგი არაორდინარული ინიაციატივა საკუთარი კრიპტოვალუტის შექმნას უკავშირდება.