თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრემიერ-მინისტრს მოუწოდა უახლოეს დღეებში მოიწვიოს მთავრობის სხდომა სახელმწიფო მეთაურის მონაწილეობით, რათა ქვეყანაში არსებული რთული პოლიტიკური სიტუაციიდან გამოსვლის გზები მოიძებნოს.
საქართველოში 28 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. სექტემბრის შუა რიცხვებიდან ტელეკომპანია Rustavi2 ფარული აუდიოჩანაწერების პერიოდული გავრცელებით არის დაკავებული. თავდაპირველად აუდიოჩანაწერები ეხებოდა კომპანია Omega Group-ის და მისი მფლობელის ზაზა ოქუაშვილის საქმეს, რომელიც ამტკიცებდა, რომ ხელისუფლება გარკვეული საკითხების მოსაგვარებლად მას მილიონობით თანხების გადახდას აიძულებდა.
კვირას ტელეარხმა გაავრცელა აუდიოჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ საუბრობენ პატიმრობაში მყოფი პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი, დეპუტატი მმართველი პარტიისა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ვიქტორ ჯაფარიძე და ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომელი დავით ცუხიშვილი. სკანდალურ აუდიოჩანაწერში სუბელიანი ჯაფარიძესთან და ცუხიშვილთან ერთად განიხილავს რამდენიმე გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეს, ამტკიცებს, რომ მათ მოგვარებაში პირადად მონაწილეობდა, რომ ფლობს ინფორმაციას იმ უკანონობის შესახებ, რომელსაც ჩადიოდა ხელისუფლება და საჭიროების შემთხვევაში ამ ინფორმაციის გასაჯაროება შეუძლია. ჩანაწერი, სავარაუდოდ, გლდანის მერვე დაწესებულებაშია გაკეთებული, სადაც სუბელიანი სასჯელს იხდის.
ვის მისცემს ხმას არჩევნებზე საქართველოს პრეზიდენტი >>
„ვიყენებ ჩემს კონსტიტუციურ უფლებას და მივმართავ საქართველოს მთავრობას, საქართველოს პრემიერმინისტრს უახლოეს დღეებში, მოიწვიოს საქართველოს მთავრობის სხდომა, სადაც მე სწორედ ამ საკითხების ანალიზის, ანუ სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანი ფუნქციონირების და მოქალაქეთა უფლებების და თავისუფლებების დაცვის საკითხით გავმართავ მათთან შეხვედრას. იმედი მაქვს, რომ ეს შეხვედრა იქნება სასარგებლო ქართული სახელმწიფოსთვის, ქართული საზოგადოებისთვის და უკეთეს მომავალს უზრუნველყოფს ქართული დემოკრატიისათვის,"- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
მარგველაშვილის თქმით, ხელისუფლებამ უნდა ადეკვატური შეფასება მისცეს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და მიიღოს შესაბამისი ზომები.
„არ ვაკეთებ კომენტარს ფარულ ჩანაწერებზე. კომენტარს ვაკეთებ პოლიტიკურ განცხადებებზე და პოლიტიკურ შეფასებებზე, რომლებიც ამას მოჰყვება და იმ განცდაზე, რაც საზოგადოებაშია. საზოგადოებაში ჩნდება განცდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების შესუსტება მისულია იმ დონემდე, რომ საფრთხე ექმნება ადამიანის უფლებების, თავისუფლებების, კანონიერების და ქონების უფლების სახელმწიფოს მიერ ეფექტიან დაცვას. ჩემი აზრით, კიდევ ერთხელ იმ პოზიციიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკური ქულები არ მაქვს დასაწერი, არც კენჭს ვიყრი და არც კამპანიაში ვმონაწილეობ, ჩვენ გვჭირდება ვითარების ადეკვატური შეფასება და ადეკვატური ზომების გატარება“, - აღნიშნა მან.
სახელმწიფოს მეთაური დარწმუნებულია, რომ არაადეკვატური რეაქცია უკეთესობისკენ არ შეცვლის სიტუაციას და ეს საპრეზიდენტო არჩევნები არ იქნება შემდეგი ნაბიჯი დემოკრატიის განმტკიცების გზაზე. სწორედ ამიტომ აუცილებელია თათბირის ჩატარება.
„არაადეკვატური ღიმილი, ან სიცილი ამ ვითარებას უკეთესობისკენ არ შეცვლის. არაადეკვატური ღიმილის ფონზე არსებული არჩევნები ვერ გახდება ქართული დემოკრატიის გაღრმავების შემდეგი ნაბიჯი. აქედან გამომდინარე, გამოსავალს ვხედავ იმაში, რომ სწორედაც რომ სახელმწიფო სტრუქტურებთან, საქართველოს მთავრობასთან ვითათბიროთ ვითარების სწორი შეფასებისა და შესაბამისი ზომების გატარების თვალსაზრისით“, - დასასრულს აღნიშნა მან.
საარჩევნო სიიდან რვა ათასი გარდაცვლილის გვარი ამოიღეს >>
საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 28 ოქტომბერს გაიმართება. რეგისტრაცია 25-მა კანდიდატმა გაიარა. მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ საკუთარი კანდიდატი არ წარუდგენია, თუმცა ის მხარს უჭერს ზურაბიშვილს. მის მთავარ კონკურენტად მიიჩნევა ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ კანდიდატი და ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გრიგოლ ვაშაძე.