თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამჯობინებს, სიფთხილე გამოიჩინოს თავისი მემკვიდრის არჩევის საკითხში.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება. პრეზიდენტობისთვის 25 კანდიდატი იბრძოლებს. მარგველაშვილმა მეორე ვადით არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ ნანობს ის ამის თაობაზე, მარგველაშვილმა პირდაპირ პასუხს თავი აარიდა.
„ჩემი პირადი ემოციები, სინანულის ან აღტაცების განცდა არასდროს უნდა ყოფილიყო საინტერესო ქართულ პოლიტიკურ რეალობაში, ამაზე არასდროს არ უნდა გვესაუბრა. უნდა გვესაუბრა გადაწყვეტილებაზე, რომლებსაც პოლიტიკოსები იღებენ და იმ გამოწვევებზე, რაც დგას საზოგადოების წინაშე. შესაბამისად, ჩემი ემოციების განხილვის დრო ნამდვილად არ არის", - განაცხადა მარგველაშვილმა პრესკონფერენციაზე.
მან აღნიშნა, რომ თავისი პრეზიდენტობის განმავლობაში ემსახურება სახელმწიფოს და მისი ინტერესების დაცვას ცდილობს. პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებით კი მან თავის შეკავება გადაწყვიტა.
„მე მივცემ ხმას საქართველოს, რომელიც მტკიცეა თავის გადაწყვეტილებაში ისე, როგორც 5-10-15 საუკუნის წინ, დაიცვას თავისი მიწა-წყალი; გაანადგუროს მტერი, რომელიც შემოსულია და დაიპყრო ჩვენი სამშობლო; უზრუნველყოს ჩვენი მოქალაქეების დაცულობა და სიამაყე ამ სამშობლოში ცხოვრებით; გახდეს და იყოს კაცობრიობის კულტურისა და სულიერების ერთ-ერთი აკვანი", - განაცხადა მარგველაშვილმა.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს უჭერს მხარს. სოციოლოგიური გამოკვლევებით, მისი მთავარი კონკურენტი არიან გაერთიანების „ძალა ერთობაშია" კანდიდატი, „ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი გრიგოლ ვაშაძე და პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" კანდიდატი დავით ბაქრაძე.